(რეზონანსი) საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების შესახებ სარჩელს განიხილავენ. მოსარჩელე მხარის თქმით, ეს განხილვა ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად ეფექტური და დამოუკიდებელი იქნება სასამართლო და დაიცავს ერთი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ეს არის კლასიკური შემთხევა, როგორ შეიძლება პარლამეტმა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება დაარღვიოს", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ და განმარტა, რომ პარლამენტმა ახალი კანონით უგულვებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტულება, რომლითაც ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა სუს-ის მიერ ე.წ. მოსმენების გასაღების ფლობა.
სხდომას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ისინი ამბობენ, რომ მათ სარჩელები შეიტანეს არა როგორც პოლიტიკოსებმა, არამედ როგორც მოქალაქეებმა. ისინი მოქმედ რეგულაციებში საფრთხეს ხედავენ.
სხდომა სამი დღე გაგრძელდება. საქმეზე ექსპერტებსაც მოუსმენენ. პლენუმი 326 მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომელიც მათ კამპანია „ეს შენ გეხებას" ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა.