(რეზონანსი) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დღეს გავრცელებულ განცხადებაში ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს აშკარად შეუსაბამო და არათანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შაჰინის სახელობის სკოლა-ლიციუმს გაუუქმდა ავტორიზაცია, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ ისე მიიღო, რომ სრულყოფილად არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარღვევებად მოყვანილი გარემოებები რეალურად არსებობდა, დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ავტორიზაციის გაუქმება არ შეიძლება ადეკვატურ და პროპორციულ ზომად იქნეს მიჩნეული.
"სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების ფონზე, ჩნდება ეჭვები, მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება რამდენიმე თვის წინ თურქეთის გენერალური კონსულის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას კონსულმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას სკოლის დახურვის მოთხოვნით," - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია-ში თვლიან, რომ თურქეთის დაინტერესებას, აღნიშნული სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტასთან მიმართებით ადასტურებს ისიც, რომ თურქული მხარე, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, საქართველოსაგან მოითხოვს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წარმომადგენლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას.