(რეზონანსი) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება კომიტეტის იმ ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომელიც თურქეთს შეეხება.
„ევროკავშირსა და თურქეთს შორის ახლო ურთიერთობები ორივე მხარის ინტერესებშია, მაგრამ ამის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლის კულმინაციაც თურქეთში გამართული საკონსტიტუციო რეფერენდუმი იყო, აჩვენა, რომ ევროკავშირს თურქეთთან მომავალი არ აქვს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები", - წერია ანგარიშში.
თურქეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,18 %-მა დაუჭირა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.