(რეზონანსი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მდებარე რიკოთის გვირაბში, გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00-დან 07:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
ამ პერიოდში რიკოთის გვირაბთან უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
რიკოთის გარდა, გორის საავტომობილო გვირაბში, სხვადასხვა სამუშაოების გამო 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, 09:00-დან 18:00 საათამდე, გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გორის გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთვება.