"ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და იმ კომპანიის ბრალეულობაა, რომელიც პირობებს არ ასრულებს"
მარი ჩიტაია
21.06.2017

 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე რთული მდგომარეობაა. ქართველი დასაქმებულები გზის მშენებელ კომპანია "ალტკომთან" თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ. ამასობაში, ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა შეიძლება, ჩავარდეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოური კომპანიები ქართველი დასაქმებულების უფლებებს უხეშად არღვევენ. მათი უმეტესობა სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული გაურკვეველი წარმოშობის კომპანიებია, რომლებსაც ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ან კომპეტენცია არ ჰყოფნით, ან ტექნიკური უზრუნველყოფა არ აქვთ.

ამ ეტაპზე საქმე ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულების პრობლემას ეხება. მათ ხელფასის მოთხოვნით კომპანია "ალტკომის" ოფისთან საპროტესტო აქციაც გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ შეჩერდა, მათ კი სამი თვის ხელფასი აუღებელი დარჩათ. ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობაზე კომპანია "ალტკომს" 600 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, აქედან 500 ქართველია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პროექტის ვადა ნოემბერში სრულდება, რის შემდეგაც, თუკი ნაკისრი ვალდებულება არ იქნება შესრულებული, "ალტკომთან" ხელშეკრულებას გაწყვეტენ. რაც შეეხება ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემას, უწყებისთვის უცნობია, თუ რატომ ვერ ახერხებს კომპანია ხელფასების გაცემას დასაქმებულებისათვის.

"ხელფასების გაცემა დამსაქმებელი კომპანიის ვალდებულება და მისი პასუხისმგებლობაა. ჩვენთვის უცნობია, რატომ დაუგვიანდათ მუშებს ხელფასი, ახლა ვარკვევთ ამ საკითხს და ვცდილობთ, რომ გადავახდევინოთ თანხა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ.

რაც შეეხება სამუშაო პროცესის შეჩერებას, ეს ჩვენი სურვილით არ მომხდარა და რეალური მიზეზი უცნობია. ალბათ, თვითონ მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ არ ასრულებენ ვალდებულებას. ჩამორჩენა რომ აქვთ, ცხადია. ხელშეკრულებით, ჩვენ ვადა ნოემბრამდე გვაქვს. თუკი ამ ვადაში არ წარმოადგენენ პროექტს, კონტრაქტის გაწყვეტაზე მიდგება საქმე, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. რამდენადაც ვიცით, უცხოური კომპანია პირობას იძლევა, რომ შეძლებს ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა და ხელფასსაც გადაიხდის", - განუცხადეს "რეზონანსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.

აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ შარშან უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ინფრასრუქტურის სამინისტრომ უკრაინულ კომპანიას ხელშეკრულება ერთი წლით გაუგრძელა. მათ კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასების გაცემის პირობა მიიღეს, მაგრამ დაპირების არ სჯერათ. დაზარალებულმა მუშებმა კოლექტიური წერილიც შეადგინეს, რომლითაც სასამართლოსა და ქვეყნის ხელისუფლებას მიმართვენ.

"ამ დრომდე სამუშაოს, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, მხოლოდ 30 პროცენტია შესრულებული. გზების დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება ერთი წლით გაუგრძელა, თუმცა აქ დასაქმებული ქართველები სამუშაოების გაგრძელებაზე უარს ვაცხადებთ. აქედან გამომდინარე, პროექტი შეჩერებულია", - აცხადებენ ისინი.

როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, დასაქმებულებმა დარღვეული უფლებების დაცვის თხოვნით მიმართეს "გაერთიანებულ პროფკავშირებსაც". ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ "ალტკომის" ხელმძღვანელობა ქართველ მუშებს მუდმივად ატყუებს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი დამსაქმებლები ჩვენი მოქალაქეების უფლებებს აბუჩად იგდებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ "ალტკომის" დასაქმებულები არ არიან პროფკავშირის წევრები, მზად ვართ, დავეხმაროთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმეც. არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ დაუშვებს, უცხოელ დამსაქმებლებს საკუთარი მოქალაქეთა უფლებები შეალახვინოს. როგორც ვიცით, მუდმივად ატყუებენ და მუშებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ გავიდნენ სამუშაოზე, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ. თვეების ნამუშევრის გადახდაზე უარს ეუბნებიან. დიდი ხანია, რაც კომპანიას დასაქმებულების ნაწილი გაშვებული ჰყავს.

სამწუხაროდ, რეალობაა, რომ ძალიან ბევრი ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ იცავს შრომისა და უსაფრთხოების სტანდარტებს და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას გაურბის. მაღალი რისკის კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამორკვეული. მთავრობა უნდა იყოს პასუხისმგებელი, რათა საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას", - აცხადებს გიორგაძე.

სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო პირობები არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკო-ტრანსპორტ ცენტრი" იკვლევს. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ვასო ურუშაძე ამბობს, ძალიან ბევრ შემთხვევაში ტენდერებს გაურკვეველი წარმოშობის კომპანიები იგებენ და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მთავრობის მაღალჩინოსნებთან არიან გარიგებული.

"ეს ყველაფერი როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და იმ კომპანიის ბრალეულობაა, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სამუშაოს ასრულებდა. ხშირია ფაქტი, რომ კონკურსში იმარჯვებს კომპანია, რომელსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება, არ არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი და არ ჰყავს პროფესიონალი კადრები. მათი ერთადერთი უპირატესობაა ის, რომ დაახლოებული არიან მთავრობის კლანებთან. შეიძლება, გარკვეული გარიგებაც ხდებოდეს, რის გამოც იგებენ ტენდერებს და შემდეგ ცდილობენ, ქვეკონტრაქტორად აიყვანონ სხვა კომპანიები დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად.

ცხადია, არის დაფინანსების პრობლემაც, სავარაუდოდ, აქვთ სხვა ხარჯი, რის ფონზეც ხელფასების გაცემას ვერ ახერხებენ და ამით საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რის გამოც დავიწყეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის კვლევა, მათ შორის, ტენდერებთან დაკავშირებით და შედეგს უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ", - აცხადებს ურუშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×