მთავრობა და სებ-ი ცდილობენ, კურსი როგორმე მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნონ, რადგან ბიუჯეტი 2,50-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი
ნათია ლომიძე
21.06.2017

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 30 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან დოლარი ამოიღო. მათი ქმედება მიუთითებს, რომ კურსის 2.40-იან ნიშნულზე დაჭერას ცდილობენ. ამ დროს სებ-ი ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს და მცურავი კურსის რეჟიმს უშლის ხელს.

ფინანსისტები ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მეტ-ნაკლებად ეთანხმებიან, თუმცა ვითარება რომ ბუნდოვანი არ იყოს, საჭიროა მკვეთად ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილელების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

სებ-მა ბოლო 2 დღეში სავალუტო აუქციონების მეშვეობით ბაზრიდან 30 მლნ დოლარი ამოიღო. ეს ნიშნავს, რომ იგი სავალუტო აუქციონებში ხელოვნურად ერევა და ლარს გამყარების შესაძლებლობას არ აძლევს, რაც მისსავე გაცხადებულ "მცურავი კურსის" პოლიტიკას ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ცდილობენ, კურსი როგორმე მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნონ, რადგან ბიუჯეტი 2,50-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე სებ-ის მოქმედებას ასე თუ ისე ამართლებს. მისი თქმით, კარგია, თუკი ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკის სახეს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კურსის შენარჩუნება ვერ მოხერხდება.

"ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არც ისე ნათელია და მიმდინარე პროცესების გამო სპონტანურ ნაბიჯებს დგამენ. ერთი მხრივ, მთლად კარგი გადაწყვეტილება არ არის მათი ქმედება. თუ ჩვენ რაღაც პრინციპს ავირჩევთ მონეტარულ პოლიტიკაში, ბევრად ნათელი იქნება სამომავლო გადაწყვეტილებები.

ახლა არის ნიშნული 2.40, ამ გაცვლითი კურსის შენარჩუნებაში მე ამაში ცუდს ვერ ვხედავ, რადგან სტაბილურობას ვინარჩუნებთ. უკეთესი იქნება, თუ ეს იურიდიულად გაფორმებული მკვეთად ჩამოყალიბებული სტრატეგიის სახეს მიიღებს, რომ არ იყოს შემდეგ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების შანსი (თუკი ვინმეს რამეს შეცვლა მოუნდება თავისივე სურვილისამებრ).

არ ვიცით, რა ჩანაფიქრია სებ-ის ქმედების უკან. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, ბოლო დროს გაცვლითი კურსი 2.40-ის ფარგლებშია და არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითია. ისინი მიხვდნენ, რომ მათი წინა პოლიტიკა იყო შეცდომა. კარგია, თუ კურსი მყარია და არა - ცვალებადი "ქარის ყოველ დაბერვაზე". აქედან გამომდინარე, მიჭირს მათ მიერ ჩაფიქრებული პოლიტიკის გამოცნობა. თუ ჩვენ ვაპირებთ, კურსი შევინარჩუნოთ, უნდა გადავაწყოთ იურიდიული მხარეც და მონეტარული პოლიტიკაც", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შეშელიძემ.

ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს პრობლემად არ აღიქვამს პროფესორი დავით ასლანიშვილი, თუმცა ის ეროვნული ბანკის მუდმივ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რეფინანსირების სესხებს უკავშირდება. სანამ ეს საკითხი უმწვავეს პრობლემად დგას და მოუგვარებელია, მანამდე გრძელვადიან სტაბილურობაზე საუბრისგან ფინანსისტი თავს იკავებს.

"საქართველოში არის მცურავი კურსი და ეროვნულ ბანკს საშუალო შეწონილი განსაზღვრული აქვს 2,50-ზე. მას ხშირად ვაკრიტიკებთ, რომ არაადეკვატურად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ნორმალური ნაბიჯი გადადგა. სებ-მა დაიცვა ლარი სპეკულაციური და ზედმეტი გამყარებისგან, რადგან მოგვიანებით მოხდებოდა ის, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც არ ჩაერივნენ ბაზარზე და ლარის კურსი 2.60-დან რამდენიმე საათში გამყარდა 2.37-მდე და ისევ ავარდა 2.55-ზე. მაშინდელმა შემთხვევამ ნდობის ფაქტორი შეამცირა.

ახლაც რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა სწორი ნაბიჯი გადადგა. ახლა არის ტურისტული სეზონი და ამ ეტაპზე სწორედ სეზონური ეკონომიკა არის განმსაზღვრელი. ჩნდება მოთხოვნა ლარზე და შემოდის უცხოური ვალუტა. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა ზედმეტი სპეკულაციისგან თავის დასაცავად იმოქმედა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ხელოვნურად ერევა პროცესში.

სებ-ის მიმართ პრეტენზია იყო და რჩება რეფინანსირების სესხების პირამიდასთან ყოველგვარი უძლურება. სანამ ეს საკითხი უმწვავეს პრობლემად დგას და არ მოაგვარებენ, გრძელვადიან სტაბილურობაზე საუბარი ზედმეტი იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" ასლანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×