"აგარის შაქარი" 10 დღის წინ ამუშავდა და ბაზარზე შეღავათიანი ფასით დაბრუნებას აპირებს
ნათია ლომიძე
21.06.2017

 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი კლებისკენ მიდის და 1 ტონა მზა პროდუქტი 33%-ით გაიაფდა, საქართველოში ფასის კლებაზე არავინ ფიქრობს. აგარის შაქრის ქარხანა ჯერ 10 დღეა, რაც ამოქმედდა და მისი დირექტორი ამბობს, რომ მომხმარებელს შეღავათიან ფასს შესთავაზებს. სხვა დაპირება გაიაფების თაობაზე ჯერჯერობით არავის დასცდენია.

მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ნედლი შაქარი უკვე 400 დოლარი ღირს, რაც ბოლო 20 თვის მინიმუმია. ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ექსპორტიორ ქვეყნებში მოსავალს კარგი პირი უჩანს.

გლობალურ ბაზარზე 1 კგ შაქრის საბითუმო ფასი ლარის ეკვივალენტში 96 თეთრია, ხოლო ჩვენთან 1 კგ შაქარი თითქმის ორჯერ ძვირი - 1,70 ლარი ღირს. გაიაფების ტენდენცია უკვე 10 თვეა, მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოში თითქმის არაფერი იცვლება. მთელი ამ ხნის განმავლობაში შაქარი უმნიშვნელოდ გაიაფდა და ამ ცვლილებას მოსახლეობა ვერც კი გრძნობს. შაქრის ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას გაითვალიწინებენ და მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასს შესთავაზებენ.

საერთაშორისო ბაზარზე 2015 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი წელს, 19 ივნისს დაფიქსირდა - 1 ტონა თეთრი შაქარი - 399 დოლარი. რაც შეეხება გაძვირების პიკს, იგი 2016 წლის 1-ელ სექტემბერს იყო - 598 დოლარი. იმ დროიდან მოყოლებული, შაქარი პერმანენტულად იაფდება და საბოლოო ჯამში მისი ფასი 33%-ით, ანუ 1/3-ით შემცირდა.

ამ ვითარების მიუხედავად, საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა და მოსახლეობას პროდუქტის შეძენა ისევ ძვირად უწევს. 1 ტომარა შაქარი 81 ლარი ღირს. რაც შეეხება საბითუმო ფასს, 1 კგ-ის ღირებულება 1.60 ლარია, ხოლო საცალო ქსელში 1,70-1,75 ლარად იყიდება. ბოლო თვეების განმავლობაში პროდუქტი 10%-ითაც კი არ გაიაფებულა.

საქართველოში შაქრის ერთაერთი მწარმოებელი "აგარის შაქარი" პირობას იძლევა, რომ ქარხანა პრდუქტის ფასს მსოფლიო ბირჟის მიხედვით დაარეგულირებს. საწარმოს დირექტორმა ალხან ალიზადემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ ეცდებიან, მომხმარებელს შეღავათიანი ფასი შესთავაზონ. 6-თვიანი პაუზის შემდეგ ქარხანამ სრული დატვირთვით მუშაობა განაახლა და ისინი ეცდებიან, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის პროდუქტი მიაწოდონ.

"ვთვლი, რომ ჩვენ მისაღები ფასი გვაქვს, თუმცა აუცილებლად დავაკვირდებით მსოფლიო ბირჟაზე არსებულ მდგომარეობას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. როგორც სხვა საქონლის, ასევე შაქრის ფასსაც თავად ბაზარი გვიკარნახებს. 6-თვიანი პაუზის შემდეგ გავხსენით ქარხანა, უკვე 10 დღეა, შეუჩერებლად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხი და შეღავათიანი ფასი შევთავაზოთ. რაც შეეხება ჩვენს კონკურენტებს, ალბათ, საკუთარი სტრატეგია გააჩნიათ და იმის მიხედვით ადგენენ ფასს. თუ არის საშუალება, ისინიც გააიაფებენ", - განუცხადა "რეზონანსს" ალიზადემ.

უცნობია, აპირებენ თუ არა უმსხვილესი იმპორტიორები საქონლის ღირებულების შემცირებას. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ სადისტრიბუციო კონპანია "ამბარს", რომელიც საქართველოს მაღაზიებს შაქრით ამარაგებს. მათი თქმით, 1 ტომარა შაქარი 81 ლარი ღირს და ფასის შემცირება საერთაშორისო ბაზრის მიხედვით მწარმოებლების პრეროგატივაა.

"ამჟამად 1 ტომარა შაქარი 81 ლარის ფარგლებშია. ქარხნებს უნდა დაუკავშირდეთ და მათგან მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, აპირებენ თუ არა გაიაფებას. ალბათ, მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად იმოქმედებენ. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ჩვენ, უბრალოდ, დისტრიბუციას ვუწევთ მათ პროდუქციას", - აღნიშნა "ამბარის" წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×