კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებაზე საუბარი ზედმეტია
ეკატერინე ბასილაია
21.06.2017

 "საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, თუმცა "ქართული ოცნება" შემჩნეულია, როდესაც პატრიარქის ნებისმიერ ინიციატივას აღტაცებით ხვდება და ეთანხმება, ხანდახან ისინი ამ სიტუაციას ძალიან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩაუგდია.

მაგალითად, როდესაც პატრიარქმა სურვილი გამოთქვა, პატიმრების შეწყალების უფლება ჰქონდა და მეორე დღესვე ლამის პარლამენტში ინიციატივაც გაიტანეს, რის გამოც ძალიან უხერხულ სიტუაციაშიც ჩავარდნენ", - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია: საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ისედაც დაყოფილია სხვადასხვა საკითხის გარშემო, ეს იქნება პარტიული თემები, სოციალური თუ სხვა მიმართულებით და ამ დროს კიდევ მონარქისტებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება აბსოლუტურად აცდენილი იქნება რეალობას.

ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ვერავითარ შანსს ვერ ვხედავ მონარქიის აღდგენისას და მგონია, რომ ამ იდეას ძალიან ცოტა ადამიანი უჭერს მხარს.

რაც შეეხება ზოგადად ინიციატივაზე გამოხმაურებებს, "ქართული ოცნება" შემჩნეულია, როდესაც პატრიარქის ნებისმიერ ინიციატივას აღტაცებით ხვდებიან და ეთანხმებიან, ხანდახან კი ისინი ამ სიტუაციას ძალიან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩაუგდია.

წინა წლებშიც იყო მსგავსი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც პატრიარქმა სურვილი გამოთქვა, პატიმრების შეწყალების უფლება ჰქონოდა და მეორე დღესვე მთავრობაც და პარლამენტარებიც ეთანხმებოდნენ, ლამის პარლამენტში ინიციატივაც გაიტანეს, რის გამო ძალიან უხერხულ სიტუაციაშიც ჩავარდნენ. შემდეგ ვითარება ისევ პატრიარქმა გამოასწორა, რომელმაც ახსნა-განმარტება გააკეთა და ეს სიტუაცია ჩაცხრა.

ზოგადად "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, ცდილობს, გაითამაშოს რელიგიური კარტი და გამოიყენოს ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის მაღალი გავლენა საზოგადოებაში საკუთარი პოლიტიკური ქულების მოსაგროვებლად.

"რ": გამოდის, "ოცნება" მრევლის ხმების მისაღებად ფარისევლობს?

კ.კ: სხვა მეტი რა უნდა იყოს?! მეორე ვარიანტია, რომ მთელი "ქართული ოცნება" მონარქისტების დაფარული ჯგუფი იყო და უცებ ამ შეთქმულებამ ამოხეთქა. ეს მათ ხმებისთვის სჭირდებათ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, "ოცნება" არის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის კოალიცია. მისი მხარდამჭერი განსხვავებულია, ეს არის იგივე მორწმუნეები, რომლებმაც მოიყვანეს "ოცნება" თავის დროზე ხელისუფლების სათავეში და არ სურთ.

მორწმუნეები საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა და ამის გამო პატრიარქის ავტორიტეტის გამოყენებას არა მარტო "ოცნება", არამედ სხვა პოლიტიკური ძალებიც ცდილობენ, რომ ქულები დაიგროვონ. სხვა ახსნა არ არსებობს.

ეკლესიის საკითხისადმი გუნდრუკის კმევა ყველა ხელისუფლებას დასჩემდა, რადგან ყველამ იცის, რომ ეკლესიის უკან დიდი ძალა დგას და მის გამოყენებას ცდილობს ყველა მმართველი ძალა.

"რ": პლებისციტი რომ ჩატარდეს, თქვენი აზრით, მოსახლეობა იტყვის, რომ მეფე უნდა?

კ.კ: არ მგონია. ეს საკითხი საერთოდ მომწიფებული არ არის. საქართველოს მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს და ეს ხელოვნურად შემოგდებულ თემას ჰგავს, რომელსაც ამ ეტაპზე აქტუალობა აბსოლუტურად დაკარგული აქვს.

"რ": პატრიარქს რაში დასჭირდა ამ თემის ახლა გაცოცხლება?

კ.კ: პატრიარქი დიდი ხანია, ამას ამბობს და მას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას. მის მოსაზრებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც პატრიარქი იტყვის, მისი პირადი, კერძო მოსაზრება მეორე დღესვე მთელმა ხელისუფლებამ დაადასტუროს. ხვალ რომ პატრიარქმა საპირისპირო რამ თქვას, ხელისუფლება საკუთარი განცხადებების დეზავიურებას დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×