საქართველოდან გატაცებული და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევაც ითხოვს.
ოჯახის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, თუ როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ოჯახი ინფორმირებული არ არის. ამიტომ, დროის გაჭიანურებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს. მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ მალე შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს.
აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალი წარუდგინა და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თუმცა, როგორ აღმოჩნდა უპასპორტოდ საქართველოში მყოფი მუხთარლი რამდენიმე საათში ბაქოში, გაურკვეველია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც გამოძიებას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
დაახლოებით ორი კვირის წინ დაკავებულის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ საქმის გამოძიების გადაცემა პროკურატურისთვის და მისი დაზარალებულად ცნობა მოითხოვა, თუმცა ოფიციალური უწყებისგან მას პასუხი ამ დრომდე არ მისვლია.
"გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. წერილობით პასუხიც არაფერზე მიგვიღია. თავად ბატონი მუხთალრიც არ გძნობს თავს მაინცდამაინც კარგად. მხოლოდ ევროსასამართლოს მოთხოვნის შემდეგ ჩაუტარდა მას სამედიცინო შემოწმება.
"უფრო მეტიც, მის სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან როგორც ხელისუფლებები ამბობენ, ეს არის ორ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის საგანი და აქვე მუხთარლის განცხადებები და ზოგადად ეს ფაქტი დიდ უხერხულობას უქმნის როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებას. შესაბამისად, არაფერი არ არის გამორიცხული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჩოფიკაშვილი.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ დროულად შეიქმნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
"ვინაიდან და რადგანაც გამოძიებას დღემდე არანაირი ხელშესახები გარემოება არ გამოუვლენია, მოლიდინი დღითი დღე მცირდება, კარგი იქნება, თუ მალე შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს წაადგება როგორც ქვეყანას, ისე საქმესაც. რადგან საქმის გაჭიანურებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს", - გვითხრა ჩოფიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი საგამოძიებო კომისიის შექმნას ნაადრევად მიიჩნევს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
"თუ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ გამოძიებამ რაღაც სამუშაო არ გასწია, შემდეგ შეგვიძლია, ნებისმიერ სხვა ფორმატზე ვიმსჯელოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.