უკვე საბოლოდ გადაწყვეტილია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ "ავტორიტარიზმის მკვებავი" მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება და ამით "ქართული ოცნება" პრინციპულ საკითხად გამოცხადებულ საკუთარ დაპირებაზე ოფიციალურად აცხადებს უარს და ასევე, კიდევ 4 წლით იტოვებს ერთპარტიული და ავტორიტარული მმართველობის შექმნის შესაძლებლობას.
ოპოზიციისგან მოსალოდნელი დიდი აღშფოთების ერთგვარ საკომპენსაციოდ კი "ოცნება" პროპორციულ ნაწილში პარტიებისთვის ბარიერს 3%-მდე ამცირებს. თუმცა ამას ერთჯერადად, რადგან 2024 წლისთვის ბარიერი ისევ 5%-იანი იქნება.
მაჟორიტარული სისტემა "ავტორიტარიზმის საფრთხეებს რომ აჩენს", ამ სისტემის გამო უკვე გვქონდა კიდეც ავტორიტარული მართვა სააკაშვილის პრეზიდენტობისას, ამიტომ ეს სისტემა აუცილებლად შესაცვლელია. ეს თავად პარლამენტის სპიკერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ კონსტიტუციის პროექტში თურმე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გუნდის წევრების ნაწილი არ ეთანხმებოდა.
"მაშინ ირაკლი კობახიძემ პირობაც დადო, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოწინააღმდეგეებს გადაიბირებდა და კონსენსუსსაც მიაღწევდა, თუმცა ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების დღესვე გაიმართა "ოცნების" დახურული შეხვედრა, რის შემდეგაც საჯაროდ გაცხადდა, რომ 2020 წელს ისევ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დარჩება, მხოლოდ ბარიერი დაიწევს 3%-მდე.
"ახალ კონსტიტუციაში კი ჩაიწერება, რომ უკვე შემდეგი, 2024 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით.
"შევთანხმდით, გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ შერეული სისტემა რჩება, თუმცა ყველა მომდევნო არჩევნები იქნება პროპორციული და ეს იქნება ძირითად კანონში ჩაწერილი.
"ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტიები განვითარდნენ, გარდა იმისა, რომ ამას უზრუნველყოფს იმ დათქმით მოხსნა, რომ ბლოკების სისტემა უქმდება. ამასთან ერთად იქნება 3%-იანი ბარიერი, რომელიც პარტიების განვითარებას, ბუნებრივია, შეუწყობს ხელს", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
თუმცა 2024 წლისთვის მაინც დაუჭერს თუ არა მხარს მაჟორიტარობის გაუქმებას "ოცნების" ის ნაწილი, რომელიც დღეს საარჩევნო სისტემის შეცვლას კატეგორიულად არ ეთანხმება, მტკიცე დაპირებას მმართველ პარტიაში ამაზეც არავინ იძლევა და დღეს, ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდება, "ოცნებიდან" ვინ რა პოზიციას დაიკავებს საკონსტიტუციო პროექტის მიმართ.
დღეს, 12 საათზე პარლამენტში რიგგარეშე სესია დაიწყება, სადაც ახალ კონსტიტუციას პირველი მოსმენით უყრიან კენჭს და "ოცნება" მთელი უმრავლესობის საგანგებო მობილიზებას აცხადებს, რადგან საკონსტიტუციო პროექტის მისაღებად 113 ხმაა საჭირო და ეს ახალი პროექტი სალომე ზურაბიშვილისა და თავად "ოცნების" გარდა ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია.
დასასრული
გუშინ კონსტიტუციის საჩქარო წესით მისაღებად საჭირო რიგგარეშე სხდომების დანიშვნის გამოც კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთს.
პარლამენტმა სხდომების მოწვევის მიზნით გიორგი მარგველაშვილს მიმართა და მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ის სხდომების მოწვევაზე თანხმობას არ იძლევა და ხელს არ მოაწერდა იმ მიზეზით, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი არ არსებობს.
კანონით, პარლამენტს სესიის რიგგარეშედ მოწვევა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც შეუძლია, მხოლოდ 48 საათის შემდეგ და "ოცნებაც" სწორედ ამ ხერხს მიმართავს, თუმცა პრეზიდენტის ამ ნაბიჯის გამო აღშფოთება არ დამალეს.
ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების ისევ დატოვების გამო ხელისუფლებას ვაჭრობაში ადანაშაულებს.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კიდევ 8 წლით გადადება ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო თვალსაზრისით ქვეყანა ჩიხშია, კონსენსუსი არ არსებობს და ეს ცვლილებები ვერ გახდება მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი არის, პლებისციტით ვკითხოთ ხალხს.
პარტიამ საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით 150-ზე მეტი ხელმოწერა გუშინ კანცელარიაშიც ჩააბარა.
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მაჟორიტარების წყალობით 2020 წელსაც დაუმსახურებელ უმრავლესობას შეინარჩუნებს და ეს ცუდია და ახლა აინტერესებს, 2024 წლიდან მაინც რას სთავაზობს "ოცნება" პარტიებს და რა იქნება "კარგი" საარჩევნო სისტემაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას პოლიტიკური პარტიების დაცინვას, მასხრად აგდებასა და აფერას უწოდებს.
ამბობს, რომ 3%-იანი ბარიერის დაწევა შემოღებულია ვაჭრობისთვის, რომ ცალკეულმა პარტიებმა დაუჭირონ მხარი ამ მიუღებელ ცვლილებას, თუმცა თვლის, რომ "ამ მატყუარა ხელისუფლების" ხელში იმის გარანტიაც არ არსებობს, ეს 3%-იანი ბარიერი 2020 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე არ შეიცვლება.
მისი თქმით, "ის, რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს, არის სამარცხვინო და "ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილებები ასეთი ღია ვაჭრობა არ ჰქონია არც ერთ ხელისუფლებას თავის ხალხთან".
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, "ოცნებას" ჰქონდა ამოცანა, რომ მიეღო უპირატესობა არჩევნებზე და ამ უპირატესობის მიღება შეიძლებოდა ორი გზით: ბონუსების მთლიანად წაღებით ან მაჟორიტარული არჩევნებით და რადგან ნაშთების სრულად წაღება არ გამოსდით, პირველ ჩვენებას დაუბრუნდნენ.
"ჩნდება ფუნდამენტური კითხვა - რას ვიხილავდით ამ თვეების განმავლობაში? ძირითადად, იხილებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და დისკუსია იყო ამ პრიზმაში გამართული და საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნება" იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა.
"ეს არის მთავარი სკანდალი და ეს 3%-იანი ბარიერის იაფფასიანი შეთავაზება მოფიქრებულია მხოლოდ იმისთვის, რომ მთავარი სკანდალი გადაიფაროს", - ამბობს ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროცესზე, რომელიც წარმართა.
"ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, როცა ადამიანმა, ფაქტობრივად, სერიოზული მასშტაბური დისკუსიები აწარმოა და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ საკუთარ ოჯახში არ ჰქონია შეთანხმებული ის, რაზეც გველაპარაკებოდა. იღებს ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ პროცესზე, რომელიც წარმართა?" - დასძენს ხუხაშვილი.