(რეზონანსი)ბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე მომხდარ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა. შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, ცენტრალური რკინიგზის სადგურზე მოხდა. პოლიციელებმა ადგილზე ერთი ადამიანი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ხალხმრავალ სადგურზე მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
„ეჭვმიტანილს ადგილზევე სამხედრო მოსამსახურეებმა ესროლეს, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. სადგურზე მყოფი ადამიანებიდან არავინაა დაშავებული. ინციდენტი განიხილება როგორც ტერორისტული აქტი" , - განაცხადა ბელგიის ფედერალური პროკურატურის სპიკერმა, ერიკ ვან დერ სეფტიმ.
აფეთქების მომენტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თავდამსხმელს ე.წ შაჰიდის ქამარი ეკეთა და სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობებიც ჰქონდა, რომელთა განაღმვა სპეციალისტებმა ადგილზე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა შენობიდან ხალხი დროულად გაიყვანეს. ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილი არ არის. ასევე უცნობია იყო თუ არა იგი კავშირში რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან.თვითმხილველების თქმით, თვითმკვლელი რადიკალი ისლამისტების ლოზუნგებს გაჰყვიროდა.
ბელგიის შს მინისტრის, იან იამბონის განცხადებით, ბომბი, რომელიც გუშინ ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ტერორისტს აღმოუჩინეს მნიშვნელოვანი სიმძლავრის იყო.
„ტერორისტმა ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, თუმცა სუსტი სიმძლავრის აფეთქება მოხდა", - განაცხადა შს მინისტრმა.
ამ დროისთვის ბრიუსელში სიმშვიდეა. დილიდან ყველა მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრიუსელმა ტრაგედია აიცილა თავიდან. ქალაქში უსაფრთხოების მესამე დონეა შენარჩუნებული. რაც შეეხება ტერორისტს, ის 37 წლის იყო და ტერორისტულ დაჯგუფებებთან მისი კავშირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.