რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების საქმეზე მსაჯვრდებულების, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას 12-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. მათ 2006 წელს, თბილისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

კრიმინალური პოლიციის და სპეცრაზმის მაღალჩინოსნები განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმებიან და მათ წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო და უკანონოა. დაცვის მხარეს არც უზენაესი სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს. უფლებადამცველი განაჩენის გასაჩივრებას სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში აპირებს.

„ეს იყო უსამართლო და უკანონო განაჩენი, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. შეუძლებელია დასაბუთებაზე ვისაუბროთ. მოლოდინი იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში რამე შეიცვლება დაბალია. ყველაზე დიდი მოლოდინი ევროპულ სასამართლოში გვექნება" , - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ 2006 წლის 2 მაისის ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმე, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის, მისივე შვილის საფლავზე აფეთქებიდან მეცამეტე დღეს გახსნილად გამოაცხადა.

განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით, 2015 წლის თებერვალში შს სამინისტროს 11 ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის 7 ყოფილი სპეცრაზმელი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, მკვლელობა ირაკლი ფირცხალავამ ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მიზნით დაგეგმა, რადგან, გამოძიების ვერსიით, ფირცხალავას ძმა ნარკოდანაშაულის გამო, ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 2 მაისს ხუბულოვი შეხვდა ზურაბ ვაზაგაშვილსა და ბონდო ფუთურიძეს და ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფირცხალავასაგან რადიოსიგნალით მიღებული ბრძანების შემდგომ, შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ვაზაგაშვილის ავტომანქანას. ბრალდებულმა გიორგი ცააძემ განახორციელა საკონტროლო გასროლა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. ბონდო ფუთურიძემ კი სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ბრალდებულებმა სპეცოპერაცია შენიღბეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთა და შექმნეს ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, თითქოს ოპერაციის მონაწილეები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე ყაჩაღებად გამოცხადდნენ, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში სამაგალითო უწყებად მიიჩნიეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×