(რეზონანსი) მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოში იმყოფებიან. ილია მეორეს მამა გიორგი მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ძმა და მშობლები ხვდებიან.მათ სჯერათ, რომ უწმინდესი მამა გიორგის მიმართ ნდობას არ კარგავს.
დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას აქცენტი საპატრიარქოს იურისტისა და პროკურატურის მხრიდან გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებზე გაკეთდება.
მამა გიორგი მამალაძის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს რამდენიმე თვეა ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა ორი დღის წინ მიიღეს, თუმცა ამ შეხვედრას დაცვის მხარე ვერ დაესწრება.
საპატრიარქოში შესვლამდე დეკანოზის ოჯახს კომენტარები არ გაუკეთებია. უცნობია, ესწრებიან თუ არა დახურულ აუდიენციას მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირები.
როგორც გუშინ დეკანოზის ძმამ განაცხადა, ისინი პატრიარქს მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც მისივე შეფასებით, დეკანოზის უდანაშაულობას ამტკიცებს. თორნიკე მამალაძე ასევე საპატრიარქოს შიგნით არსებულ კონკრეტულ ძალებზე საუბრობს, რომლებიც ცდილობენ პატრიარქს სწორი ინფორმაცია დაუმალონ.
დეკანოზის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.