რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო დატოვა. დაკავებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით,უწმინდესთან შეხვედრაზე საუბარი იწერებოდა. როგორც ბრალდებულის ძმა განმარტავს, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ შეხვედრიდან გასვლის შემდეგ შესაძლოა ოჯახს არასწორი ინფორმაცია გაეტანა, ამიტომ ჩაწერა პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს.

„ჩვენ ტყუილის თქმა არ გვჭირდება. პატრიარქმა დააფიქსირა იგივე პოზიცია და თქვა, რომ მე მამა გიორგისგან არ მსმენია ცუდიო. ეს ყველაფერი არის საქართველოს დისკრედიტაციის საქმე. მამა გიორგის დაჭერა საქართველოს დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე, ცდილობდნენ პატრიარქის საუბარიც შეეწყვიტათ და სიტყვას აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა დაგვლოცა, ჩვენი სიტყვა მოისმინა, პატრიარქმა ჩემი ინტერვიუ გამახსენა, რომელიც ასავალ-დასავალში დაიბეჭდა. სხვა არაფერი არ უკითხავს ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით" , -აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მამა გიორგი მამალაძის ძმის განცხადებით, პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს.მისივე განცხადებით, დეკანოზის ოჯახმა სცადა ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა.

„დავით ჯინჭარაულმა თქვა, რომ ხვალ ზეგ შევალთ და ვაზარებთო, რათა არ გვეთქვა, რომ მამა გიორგი ოთხი თვეა ითხოვს ზიარებას" , -აცხადებს მამალაძე.

ილია მეორეს მამა გიორგი მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ძმა და მშობლები შეხვდნენ. დაკავებული დეკანოზის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს რამდენიმე თვეა ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა ორი დღის წინ მიიღეს, თუმცა ამ შეხვედრას დაცვის მხარე ვერ დაესწრო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×