(რეზონანსი) დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, 96 წლის პრინცი ფილიპე ინფექციით, მეფე ედვარდის სახელობის ჰოსპიტალში მოათავსეს. ბუკინგემის სასახლის ოფიციალური განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს და გულდაწყვეტილია, რომ პარლამენტის სესიის გახსნის ცერემონიას ვერ ესწრება.
დიდ ბრიტანეთში პარლამენტის სესიაზე მონარქის სიტყვით გამოსვლის ტრადიცია XVI საუკუნიდან არსებობს. ცერემონიაზე დედოფალი ბუკინგემის სასახლიდან ეტლით მიემართება ლორდთა პალატისკენ, სადაც მთავრობის პროგრამას წარადგენს, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ქვეყნის პრემიერმინისტრის სამომავლო გეგმები.
ჰერცოგმა ფილიპემ საჯარო საქმიანობა 2017 წლის 4 მაისს შეწყვიტა. ედინბურგის ჰერცოგი პოლიტიკურ ცხოვრებას ოფიციალურად სექტემბრიდან დაასრულებს. მეუღლის გადაწყვეტილებას დედოფალი მხარს უჭერს.
ბრიტანეთის სამეფო კარის განცხადებით, ფილიპე მაუნტბატენი უკვე დაგეგმილ ღონისძიებებს ელისაბედ II-თან ერთად აგვისტოს ჩათვლით დაესწრება, შემოდგომიდან კი საჯარო შეხვედრებზე და ოფიციალურ მოწვევებზე უარს იტყვის.
ფილიპე მაუნტბატენი საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი და ედინბურგის ჰერცოგია. ის საბერძნეთის მეფის, გეორგ I-ის შვილიშვილია.
პრინცი ფილიპე ელისაბედ უინძორზე 1947 წელს დაქორწინდა და მართლმადიდებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეიცვალა. დედოფალ ელისაბედსა და ჰერცოგ ფილიპეს ოთხი შვილი ჰყავთ. ისინი 65 წელია ერთად ცხოვრობენ.