რეზონანსი
21.06.2017

 (რეზონანსი) კლინიკა „ლანცეტის" დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი საქართველოს პრეზიდენტს მისი საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს და წერილს უგზავნის. მასში ჯეირანლი საკუთარ ბიოგრაფიას ჰყვება.კლინიკის დირექტორის თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანში საქმიანობდა, თუმცა ყოველთვის სურდა სამედიცინო დაწესებულება საქართველოში გაეხსნა.

„2014 წელს ჩემი სანუკვარი მიზნის განხორციელება შევძელი 30 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის ჩადებით და დავაფუძნე კლინიკა „ლანცეტი". მე 7 წელია, რაც ვარ საქართველოს მოქალაქე და ასევე ვმონაწილეობდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 2017 წლის 21 მაისიდან ვარ დაკავებული ჩემთვის გაურკვეველი ბუნდოვანი ბრალდებებით, რომელთანაც მე არანაირი კავშირი არ მაქვს" , - წერს ჯეირანლი.

როგორც კლინიკის დირექტორი წერილში აღწერს, ის 1993 წელს აზერბაიჯანის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა,შემდეგ ხელმძღვანელობდა თოფჩიბაშიევის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავარი ქირურგი იყო.საქართველოს პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში, ჯეირანლი ამბობს, რომ მისი დაკავება აზერბაიჯანის პოლიტიკურ დაკვეთასთან არის დაკავშირებული.

„აზერბაიჯანელი ოპოზიციურად განწყობილი წევრები უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, სამკურნალოდ მომართავენ ჩვენს კლინიკა „ლანცეტს". თავს ვთვლი უკანონო პატიმრად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თანამშრომლებიც უდანაშულოები არიან. გთხოვთ დაინტერესდეთ და პირად კონტროლზე აიყვანოთ ჩემი საქმე" , - ნათქვამია წერილში.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების საქმეზე კლინიკა „ლანცეტის" ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

კლინიკა „ლანცეტში", ღვიძლის გადანერგვის სულ 2 ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა და ორივე წარუმატებლად დასრულდა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ.

ჯეირანლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×