(რეზონანსი) ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა შესაძლებელია. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით, 2014 წელს ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი წარადგინა. საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ. მისიამ შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში მოპოვებული თევზი მატყლისა და თაფლის შემდეგ, მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.
ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები თევზისგან, ძირითადად ქაფშიასგან, თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილობრივი ბაზრისთვის კი მცირე რაოდენობით ადამიანების საკვებად განკუთვნილი თევზის ცოცხალი სახით რეალიზაციასაც ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ქართულ თევზის ფქვილი პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობით გამოირჩევა.