"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" სემეკში განაცხადს წლის ბოლოს შეიტანს
ნათია ლომიძე
22.06.2017

 2017 წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონებში წყლის ერთიანი გათანაბრებული ტარიფი დადგინდება, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. მანამდე კი "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით უნდა მიმართოს, რაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შემდეგ მოხდება ახალი გაანგარიშება. ხომ არ არის საფრთხე, რომ რეგიონებისთვის წყალი გაძვირდეს?

ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მარეგულირებულ კომისიას წყალმომარაგების კომპანიები პერიოდულად მიმართავენ. მათ ქმედებაში გადასახადის გაზრდის სურვილიც იკითხება. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში კომისია "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ტარიფის გადახედვას გეგმავს.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია," პრაქტიკულად, ერთადერთი მსხვილი კომპანიაა, რომლის ტარიფი ჯერ არ დადგენილა. რა თქმა უნდა, კომისია უახლოეს მომავალში აპირებს ამ ტარიფის გადახედვას, თუმცა ჯერჯერობით სატარიფო განაცხადი წარმოდგენილი არ არის," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ფანგანმა.

ეს ინფორმაცია "რეზონანსს" არ დაუდასტურა სემეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთი ბერიკაშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ტარიფის დადგენის კუთხით არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს და წლის ბოლომდე სიახლეს არ ელოდებიან.

"ამ ეტაპზე ტარიფის დადგენის მხრივ არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. ჯერ მოსამზადებელი პერიოდი არ არის და დეტალურად ვერ ვისაუბრებთ ვერაფერზე. არც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" წარმოუდგენია სატარიფო განაცხადი. ეს არ არის ახლო მომავალში გადასაწყვეტი საკითხი, შესაბამისად, ახლა რომ რამეზე გიპასუხოთ, უზუსტობა იქნება," - აღნიშნა ბერიკაშვილმა.

"რეზონანსის" ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია სემეკს ტარიფის გადასახედად წლის ბოლომდე აუცილებლად მიმართავს. კომპანიის დირექტორ გიორგი კობერიძის თქმით, წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონებში მასტაბური სამუშაოები დაიწყება და იქამდე კომისიაში განაცხადის წარდგენა დღის წესრიგში არ დგას. მან რეგიონებში არსებულ განსხვავებულ ტარიფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატარიფო სისტემა შეიცვლება.

"სემეკს ჩვენ უნდა მივმართოთ სატარიფო განაცხადით, თუმცა დღესდღეობით კომპანიაში მიმდინარეობს აქტივების ინვენტარიზაცია. ამის შემდეგ მოხდება აღრიცხული აქტივების შეფასება. უნდა ვიცოდეთ, კომპანიას რა აქტივი აქვს და რა ღირებულების. აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და შეფასება არის უმთავრესი სატარიფო მეთოდოლოგიის დროს, რაც მოცულობითი და შრომატევადი სამუშაოა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს, ყველა მიწისზედა და მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობა უნდა აიზომოს, შეფასდეს და სხვა დანარჩენ ინფორმაციასთან ერთად უნდა მივაწოდოთ სემეკს ოფიციალურად დადასტურებული მონაცემები. ამის შემდეგ ისინი განიხილავენ ტარიფის საკითხს.

სამუშაო ბევრია და დრო სჭირდება. ამიტომ ან 2017 წლის ბოლოს მივმართავთ, ან 2018 წლის პირველ კვარტალში. რაც შეეხება ტარიფის გაზრდას, ეს უკვე სემეკის პრეროგატივაა. ერთი რამის თქმა შეიძლება. დღეს ჩვენ გვაქვს დიფერენცირებული ტარიფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს საკითხი მოსაგვარებელია, უნდა გათანაბრდეს და არ უნდა იყოს ამდენი სხვადასხვა გადასახადი დაწესებული.

არ ვამბობ, რომ აუცილებლად ერთი ტარიფი უნდა იყოს, თუმცა ეს არის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს საკრებულოების მიერ დადგენილი ტარიფი, რომლითაც დღემდე ვხელმძღვანელობთ და რამდვილად გადასახედი და დასარეგულირებელია, - აღნიშნა კობერიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

ტარიფების გათანაბრებასა და გამრიცხველიანებას სასწრაფოდ გადასაწყვეტ საკითხად მიიჩნევს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია. მისი აზრით, ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ მოსახლეობა აუცილებლად გაუფრთხილდება წყალს, რასაც ახლა არ აქცევენ ყურადღებას. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, ჯგერენაია მიიჩნევს, რომ შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს "წყლის ფასი."

"თითქმის ყველა რეგიონში წყალზე არის სულადობრივი გადასახადი. ამ დროს გადასახადის ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. თუ გვინდა, რომ წყალი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არც მომხმარებლის უფლებები ირღვეოდეს, აუცილებლია ტარიფების გათანაბრება და იმავდროულად გამრიცხველიანებაც. შეიძლება ამან უმნიშვნელოდ გაზარდოს ფასი, მაგრამ ხარისხიანი მომსახურება არსად არ არის იაფი. მით უმეტეს, როდესაც ცივილურად გინდა ქვეყანში პრობლემების გადაწყვეტა.

ახლა არავინ უფრთხილდება წყალს, რადგან სულადობრივი გადასახადია. დედაქალაქშიც და რეგიონებშიც გაფუჭებული ონკანებიდან წყალი იღვრება და მის შეკეთებაზე არავინ თავს არ იწუხებს. სწორედ ამის გამოა საჭირო გამრიცხველიანება, რომ მოქალაქეები გაუფრთხილდნენ წყალს. წყლის კომპანიებიც მოგებულნი დარჩებიან და არც რესურსი დაიღვრება ტყუილუბრალოდ," - განაცხადა ჯგერენაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×