"ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის დაპირისპირება მოსახლეობის თვალში ტრაგიკომიკურად გამოიყურება. საზოგადოებას მძიმე შთაბეჭდილება რჩება. პოლიტიკური ქულები ამ შემთხვევაში არც ერთ მხარეს არ ეწერება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" მორიგ დაპირისპირებაზე და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე "რეზონანსი" ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ზაალ ანჯაფარიძე: მე მგონი, პრეზიდენტსაც და დეპუტატებსაც მიაჩნიათ, რომ დაპირისპირებაში ის უფრო იწერს პოლიტიკურ ქულებს და ის გამოიყურება უფრო დამაჯერებლად. სინამდვილეში მოსახლეობის თვალში ძალიან ტრაგიკომიკურად გამოიყურება ორივე მხარე.
"რეზონანსი": და მაინც, რა შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას?
ზ.ა: მძიმე შთაბეჭდილება რჩება. პოლიტიკური ქულები ამ შემთხვევაში არც ერთ მხარეს არ ეწერება. შეიძლება საკუთარი მომხრების თვალში რაღაც დაიწერონ, მაგრამ საზოგადოების თვალში ორივე მხარისთვის წამგებიანი თამაშია.
"რ": თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა რიგგარეშე სხდომების მოწვევაზე პრეზიდენტის უარი?
ზ.ა: მე მგონი, ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო. კანონით ასეა განსაზღვრული. ალბათ წინასწარ იცოდნენ, რომ პრეზიდენტი უარს ეტყოდა. ახლა კი თქვეს, რომ მაინც დანიშნავენ.
პრეზიდენტის უარი, ჩემი აზრით, ემსახურებოდა იმას, რომ იგი, დიდი ხანია, დაპირისპირებულია "ქართულ ოცნებასთან". კონკრეტულად კი, რა სიღრმისეული მიზეზი ჰქონდა ამას, ალბათ იტყვიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პირადად მე არ გამკვირვებია, რადგან კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის სერიოზული უთანხმოებაა. ასე რომ, პრეზიდენტის უარი მოსალოდნელი იყო.
"რ": რაც შეეხება პატრიარქის ქადაგებას კონსტიტუციურ მონარქიაზე და შემდეგ უმრავლესობის წევრების განცხადებას, თქვენი აზრით, "ქართული ოცნების" წევრების კომენტარები ამასთან დაკავშირებით იყო თუ არა პოპულისტური?
ზ.ა: ზუსტად ასე ვფიქრობ მეც. დიახ, ეს იყო პოპულისტური ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჩამოუყალიბებლობაზე. ცდილობენ, პატრიარქის ავტორიტეტი საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მოარგონ.
"რ": მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ზაალ უდუმაშვილის მონაწილეობა ოფიციალურად დადასტურდა, ასევე, როგორც ცნობილია, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი კახი კალაძე იქნება. რას ფიქრობთ, ვის რა შანსი აქვს?
ზ.ა: ნაადრევია ამაზე საუბარი. შანსებზე ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ჩატარდება სოციოლოგიური გამოკითხვა და გამოჩნდება თითოეული კანდიდატის შანსი.
"რ": დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რომ ვისაუბროთ?
ზ.ა: ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, გარდა ზეპირი განცხადებებისა.
"რ": თქვენი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას?
ზ.ა: როგორც ჩანს, არჩევნები ჩატარდება ისეთივე წესით, როგორც ტარდებოდა. შესაბამისად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებმა დროებით აქტუალობა დაკარგა.
"რ": 2020 წელს არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული პოლიტიკური ვაჭრობა მაჟორიტარების გამარჯვებით დასრულდა?
ზ.ა: შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, კი, მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს.
"რ": და ეს წამგებიანი არ იქნება უმრავლესობისთვის?
ზ.ა: არა მგონია. უმრავლესობა იტყვის, ჩვენ კომპრომისს მივაღწიეთო. ხოლო როგორ აისახება ეს თავად უმრავლესობაზე, ვენეციის კომისიის და საზოგადოების რეაქციის შემდეგ გავიგებთ.