"საზოგადოებისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რა პოზიცია აქვს პატრიარქს. ის ენდობა მამა გიორგის, სჯერა მისი და დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ამოვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ახორციელებენ", - ამის შესახებ "რეზონანსთან" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
როგორც დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრის შემდგომ აცხადებდა, უწმინდესთან საუბრის შემდეგ მას კვლავ იმის განცდა აქვს, რომ იგი არ ფლობს სრულ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა დეკანოზს მხარდაჭერას უცხადებს.
ამასთან, თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ პატრიარქთან შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე სასულიერი პირი, რომლებიც საუბარში ერეოდნენ და პატრიარქს საუბარს აწყვეტინებდნენ.
"პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგია და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს.
"მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
"რაც შეეხება შეხვედრაზე ადვოკატების დასწრების მოთხოვნას, პატრიარქს ამაზე არაფერი უთქვამს, მეუფე იაკობმა კი თქვა, რომ "ეს არ იყო სასამართლო და მეუფეები არ არიან იურისტები", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ და აქვე აღნიშნა, რომ პატრიარქს სთხოვეს მამა გიორგის ზიარება, რაზეც მამა დავით ჭინჭარაულმა აღუთქვა, რომ ის და მამა კახაბერი აზიარებენ.
"მოვითხოვეთ მამა გიორგის ზიარება, რაზეც პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მამა დავით ჭინჭარაულმა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ ის და მამა კახაბერი აზიარებენ. თითქოს ხვალ უნდა შევიდნენ, თუ რაღაც მსგავსი. უწმინდესი ჩუმად იყო, რადგან ის ამ ყველაფერზე არ ფლობდა ინფორმაციას", - აღნიშნავს თორნიკე მამალაძე.
აღსანიშნავია, რომ მამა დავით ჭინჭარაულმა და მამა კახაბერმა შეხვედრის შემდგომ განაცხადეს, რომ ისინი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, სავარაუდოდ, 27 ივნისს შევლენ, ოღონდ არა ზიარებისთვის, არამედ "პატრიარქისთვის გარკვეული ამბის გადასაცემად".
"მას სურს უწმინდესისთვის რაღაც ამბის გადაცემა და ჩვენ შევალთ და გადავცემთ უწმინდესს - რა სურს მამა გიორგის უწმინდესთან. ჩვენ საზიარებლად არ შევდივართ, ჩვენ შევდივართ იმის გამო, გავიგოთ, რა სურს მას უწმინდესთან და ეს ამბავი მივუტანოთ უწმინდესს.
"რაც შეეხება ზიარების საკითხს, ჩვენ ზიარებას არ ვატარებთ ციხეში. ადგილზე დავილაპარაკებთ, მამა გიორგი რას მოითხოვს და მერე აქედან რა გადაწყდება, ამაზე წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.
მამა დავით ჭინჭარაულის თქმით, ერთადერთი, რაზეც იგი შეხვედრის დროს საუბრობდა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ზიარების საკითხი იყო, რასთან დაკავშირებითაც პატრიარქს დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, მიმართა.
"მე არავითარი კითხვები არ მქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუბარი შეეხო მამა გიორგის მონახულებას და მისმა უწმინდესობამ დაგვავალა მე და მამა კახაბერ გოგოტიშვილს, რომ მოვინახულოთ მამა გიორგი ციხეში.
"როდესაც იკითხა მამა გიორგის ძმამ, თორნიკემ, მამა გიორგის მონახულებაზე, მე ვუთხარი ზიარების შესახებ, რომ მე და მამა კახაბერს დაგვავალა მისმა უწმინდესობამ, მოვინახულოთ ეს ადამიანი ციხეში. ეს იყო და ეს. სხვა საუბარი იქ არ ყოფილა", - განაცხადა არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა.
როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, ე.წ. ციანიდის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 23 ივნისს გაიმართება. მისივე თქმით, პატრიარქს რომ სცოდნოდა, ადვოკატებსაც სურდათ მასთან შეხვედრა, ისინი მეტის გაკეთებას შეძლებდნენ, თუმცა მთავარი ის არის, რომ უწმინდესს სჯერა და ენდობა მამა გიორგის.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო პატრიარქთან, რომ სცოდნოდა, ჩვენც გვინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ თორნიკე მამალაძემ რა კომენტარიც გააკეთა, ნათლად ჩანს, ვისი მოტივაცია იყო, რომ ადვოკატები არ შეხვედროდნენ პატრიარქს და ვის სურდა, უფრო მეტი სიმართლე არ გვეთქვა მისთვის.
"ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რა პოზიცია აქვს პატრიარქს. ის ენდობა მამა გიორგის, სჯერა მისი და დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ამოვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ", - განაცხადა რამიშვილმა და აღნიშნა, რომ ის იმყოფებოდა დეკანოზის სანახავად საპატიმროში და რომ მამალაძე პატრიარქის მიერ გამოცხადებული ნდობისთვის მადლიერია.
"გუშინ ვიყავი მამა გიორგისთან და ის უწმინდესის დიდი მადლიერია იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამოავლინა დეკანოზის მიმართ და აცხადებს, რომ მისი უდანაშაულობა მალე გამოჩნდება.
"რაც შეეხება დეკანოზის ზიარების საკითხს, პატრიარქთან ოჯახის წევრების შეხვედრისას ითქვა, რომ მას ხვალ აზიარებდნენ, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, გარკვეული სასულიერი პირები მამა გიორგისთან შესვლას 27 ივნისს აპირებენ არა ზიარებისთვის, არამედ რაღაც ინფორმაციის მისაღებად.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომელიც უცვლელია - დროთა განმავლობაში გამოვლინდება და დავინახავთ მამა გიორგის უდანაშაულობას," - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა"პატრიარქთან შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც ოჯახის წევრებს და პატრიარქს საუბარს აწყვეტინებდნენ."