13 წლის გოგონას გაუპატიურებისა და შემდეგ მისი 23 წლის დის მკვლელობის გამო სოხუმში დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა. არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულია გავლენიანი აფხაზური კლანის წარმომადგენელი, "დეპუტატ" ალმაზ ჯოპუას ძმა ასტამურ ჯოპუა, ამიტომაც მოსახლეობას გამოძიების იმედი არ აქვს და დე ფაქტო ხელისუფლებას დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებს.
უფრო მეტიც, 22 ივნისს სოხუმში გამართულ დიდ საპროტესტო აქციაზე თავად დე ფაქტო დეპუტატ ჯოპუას დაკავებაც მოითხოვეს, რადგან, ორგანიზაცია "აფხაზეთის ქალების" მტკიცებით, "დეპუტატი" გაუპატიურებული გოგონას მამას აქეზებდა უფროსი ქალიშვილის წინააღმდეგ, თითქოს ის იყო ამ დანაშაულში გარეული, რეალურად კი, საქმისთვის მოწმის ჩამოშორება სურდა და ამ გაქეზების გამო მამამ ქალიშვილი მოკლა. მოკლულს 2 შვილი დარჩა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობით და ყაჩაღობით იქ ვერავის გააკვირვებ, თუმცა რაც ამ ბოლო კვირას მოხდა, ყველა საზღვარს სცილდება და ამიტომაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება.
მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც აფხაზეთი შეძრა გახმაურებულმა დანაშაულმა, რომელიც სოფელ ქვემო ეშერაში 13 წლის გოგონას გაუპატიურებას ეხება, საზოგადოების ნაწილმა დე ფაქტო ხელისუფლებას სიკვდილის დასჯის მორატორიუმის გაუქმებაც კი მოსთხოვა.
იმდენად დიდია მოსახლეობის აღშფოთება, რომ განცხადებით გამოსვლა მოუწია თავად დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, რომელმაც თქვა, რომ "არავითარი დანდობა, არავითარი გამართლება არ უნდა იყოს, რათა არავის გაუჩნდეს აზრი, თითქოს აქ ვინმე ვიღაცის დაცვას ცდილობს".
ცნობისთვის, 13 წლის ლიანა ჯღამაზიას გაუპატიურებაზე ინფორმაცია დაზარალებულის დედამ სოციალურ ქსელში 13 ივნისს დაწერა. დედის თქმით, 12 ივნისს ნასვამი ასტამურ ჯოპუა მათთან სახლში მივიდა, იარაღით დაემუქრა არასრულწლოვან გოგონას, რომელიც სოფელ ეშერაში მიტოვებული სპორტდარბაზის შენობაში ძალით წაიყვანა და გააუპატიურა.
რამდენიმე დღეში, 17 ივნისის საღამოს კი, გაუპატიურებული არასრულწლოვნის 23 წლის დის ცხედარი იპოვეს, რომელიც თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით არის მოკლული. ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილია მამა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რატომ უნდა მოეკლა მამას საკუთარი შვილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტამდე "დეპუტატმა" ალმაზ ჯოპუამ ქალის მამას განუცხადა, რომ მისი შვილი მეძავია.
ატეხილი ხმაურის შემდეგ ასტამურ ჯოპუა ხელისუფლებას ჩაბარდა, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება. დიდი აქცია გაიმართა ორშაბათს, სადაც მოითხოვეს "დეპუტატ" ჯოპუას დაპატიმრებაც და სიკვდილით დასჯის აღდგენაც. ითქვა, რომ აფხაზეთში გაუპატიურების ფაქტები ხშირია, მაგრამ არ ხმაურდება, რადგან ოჯახს ემუქრებიან და აშინებენ, ჯღამაზიების ოჯახმა კი გასაჯაროება გაბედა.
ასევე, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქალებმა საგანგებო განცხადებით მიმართეს ე.წ. პარლამენტს, სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ და გამოძიების პროცესს გააკონტროლებენ. "პარლამენტმა" განაცხადა, რომ გამოძიებას თავად გააკონტროლებენ.
ამ ტრაგიკულმა ისტორიამ ასეთი მწვავე რეაქცია იმიტომ გამოიწვია, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული გავლენიანი კლანის წარმომადგენელია და ოკუპირებულ აფხაზეთში, წლებია, გავლენიანი კლანის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული მუდმივად დაუსჯელი რჩება.
ასტამურ ჯოპუას ძმა აფხაზეთის მმართველი პარტიის - "აინარის" ლიდერი და ე.წ. პარლამენტის დეპუტატია. ასევე, მისი ახლო ნათესავია სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის ხელმძღვანელი ტალი ჯოპუა, ვისი ქმარიცაა დე ფაქტო შს მინისტრი და ე.წ. ვიცე-პრემიერი ასლან კობახია.
სწორედ იმის გამო, რომ ამ კლანის გავლენიანი წარმომადგენლები არიან "დეპუტატიც" და "მინისტრიც," გამოძიების არავის სჯერა.
"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ზოგადად, აფხაზეთში თუ დანაშაულს აფხაზი ეროვნების ადამიანი ჩადის, ამისთვის იგი ციხეში არ ხვდება, ამიტომაც კრიმინალური სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმეა.
"დაუსჯელობის სინდრომის გამო აფხაზეთში შეშფოთებულები არიან. გუშინ ე.წ. მთავრობის შენობაში მთვრალმა ვეტერანმა ატეხა სროლა და არავინ მოჰკითხა ამის გამო. ასევე, რამდენიმე დღის წინ ააფეთქეს ერთი ადამიანი და ის საავადმყოფოშია. პლუს ბავშვის გაუპატიურებისა და მკვლელობის ამბავი.
"კრიმინოგენული სიტუაცია იმდენად დაიძაბა, ხალხი გარეთ გამოვიდა. უსაფრთხოების მოშლამ გამოიყვანა ხალხი გარეთ და ბავშვის გაუპატიურება იყო ამ პროტესტის ბიძგი.
"მგონია, რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება და შეიძლება ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნამდეც კი მივიდეს საქმე. აქ მთავარია, დაუმტკიცებენ თუ არა ჯოპუას დანაშაულს.
"ე.წ. ხელისუფლება და მისი ძმა "დეპუტატი" ყველანაირად ეცდებიან ბრალდებული სუფთად გამოიყვანონ და ჯოხი დაზარალებულ ოჯახზე გადატყდეს, მაგრამ მეორე მხარეს საზოგადოებაა. თუ საზოგადოება რეაქციას არ შეანელებს და არ მისცემს საშუალებას, გააყალბონ საქმე, მაშინ შეიძლება ბრალდებულის დასჯა მოუწიოთ", - ამბობს ცქიტიშვილი.