აშშ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეჩერებაში დაეხმარება
ნინო ქეთელაური
22.06.2017

 "რაც უფრო უარესდება რუსეთი-აშშ-ის ურთიერთობა, პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირის მით უფრო მეტ ღირებულებას იძენენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან ნატოში გაწევრიანებას, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველო", - ასე ეხმაურებიან ანალიტიკოსები აშშ-ის ელჩის - იან კელის განცხადებას, რომელიც თავდაცვის სფეროში აშშ-ის ჯარის პროგრამებში საქართველოს ჩართვას შეეხებოდა.

როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, ამიტომაც ამერიკას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და აშშ-ის არმიის პროგრამები სწორედ ამას ემსახურება.

მისი თქმით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს.

"გარდა ამისა, რუსეთმა შეასუსტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი საზღვრები, რადგანაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი.

"სწორედ ამიტომაც ხორციელდება მრავალი პროგრამა, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, მოხდეს აგრესიის შეჩერება. სწორედ თავდაცვის სფეროში აშშ-ის ჯარის პროგრამები ამას ემსახურება", - განაცხადა იან კელიმ.

"არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია, რაც აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო ტექნიკის გადმოცემაზე ყოველთვის მხოლოდ საუბარია და კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება.

"ის, რაც საქართველოს ყველაზე ძალიან სჭირდება, საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებება. ამაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, თუმცა მათი გადმოცემა, სამწუხაროდ, ჯერ არ მომხდარა სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო.

"ფაქტია ისიც, რომ რუსეთის მხარე ყოველთვის ავადმყოფურად განიცდის საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავად რუსეთსა და აშშ-ს შორის ასე სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა, მათ შორის, სირიის კონფლიქტში. ამიტომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკულ მხარეზე.

"აშშ-ის წინა პრეზიდენტები მაინც ერთგვარ სიფრთხილეს იცავდნენ იმ მოტივით, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობით არ გაეღიზიანებინათ კრემლი.

"ახალი პრეზიდენტი აბსოლუტურად განსხვავდება წინამორბედებისგან და, პრინციპში, ამ სფეროში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება დონალდ ტრამპისგან მოულოდნელი შეიძლება არც იყოს", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთთან საქართველო ერთგვარი ცივი ომის მდგომარებაშია, რადგან ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და "ყველაფერი იმ ლოგიკით მიდის, რასაც ჰქვია დასავლეთსა და რუსეთს შორის სერიოზული დაპირისპირება, ამიტომ გამორიცხული არაფერია".

"თუმცა ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი სამაგიეროს გადახდას შედარებით ქვედა დონეზე ეცდება. მაგალითად, ისეთებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. რასაც ვერ გაუბედავს ნატოს, შეუძლია, გააკეთოს ჩვენ წინააღმდეგ", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ორი მომენტი: "ერთი, ელჩის განცხადება და, მეორე, თვითონ ვაშინგტონში მიმდინარე პროცესები. ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მწვავდება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა.

"რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სირიის საკითხზე მოსკოვი წყვეტს ყოველგვარ თანამშრომლობას აშშ-სთან. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ში უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვოს სამხედრო თანამშრომლობამ პროდასავლურად განწყობილ და ნატოში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებთან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელჩის განცხადებაც სწორედ ამას ეხება", - ამბობს სოსო ცინცაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების პროგრამები სულ უფრო მცირდება, რაც ასევე საგულისხმო მომენტია.

"ვნახოთ, რა იქნება, თუ ახალი პროგრამები გაჩნდება, კარგია. ერთი რამ ფაქტია, რაც უფრო უარესდება რუსეთი-აშშ-ის ურთიერთობა, პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირის მით უფრო მეტ ღირებულებას იძენენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ესწაფვიან ნატოში გაწევრიანებას. მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოც.

"ამ მომენტების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოხდეს სამხედრო დახმარების გაძლიერება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ელჩის განცხადება გვაქვს. თუმცა ელჩი, ბუნებრივია, თვითშემოქმედებით არ არის დაკავებული და ვაშინგტონთან შეთანხმებულია. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ რეალურ ნაბიჯებს დაველოდოთ", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×