(რეზონანსი) "National Geographic"-მა საქართველოს შესახებ სპეციალური ნომერი გამოსცა. ჟურნალში საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტების, იუნესკოს ძეგლების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინოს შესახებ სტატიები და ფოტოებია გამოქვეყნებული.
ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფლორასა და ფაუნას. ჟურნალში აღწერილია თუშეთი, ვაშლოვანი, ბორჯომი, ლაგოდეხი, ჯავახეთი, ასევე პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი, მარტვილის კანიონი და სხვა ტურისტული ადგილები.ცალკე თავი ეძღვნება ზამთრის კურორტებს.
სპეციალური გამოშვება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ "National Geographic"-ის საქართველოს რედაქციამ მოამზადა. ჟურნალის ტირაჟი 35 ათასია. აქედან 30 ათასი ერთეული რუსეთში,ყაზახეთსა და ირანში გავრცელდება, 5 ათასი ერთეული კი საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ გაიგზავნება. ჟურნალი ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა.
ჟურნალის პრეზენტაცია დღეს, 22:00 საათზე ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.