(რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება კვლავ პრობლემად რჩება. დეკანოზის ოჯახის წევრებმა, გუშინ საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, რომ პატრიარქმა არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს სთხოვა, რომ მომდევნო კვირაში მამა გიორგი მამალაძესთან შესულიყო. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დეკანოზი მეუფე დიმიტრის სულიერი შვილია და ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს.
„უნდა აზიაროს მისმა მღვდელმთავარმა. მეუფე დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს მისი აღსარების საფუძველზე, აზიარებს თუ არა მამა გიორგის. მე მღვდელი მღვდელს ვერ გადავუწყვეტ ახლა, შეიძლება თუ არა მისი ზიარება" , - განაცხადა საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ზიარებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, დეკანოზთან მისი ინტერესების დამცველები იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, საუბრის მთავარი თემა ხვალინდელი სასამართლო სხდომა იქნება. თუმცა, ადვოკატები დაკავებულ დეკანოზს გუშინდელი შეხვედრის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც პატრიარქსა და გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შორის შედგა.
ილია მეორეს გუშინ მამა გიორგი მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ძმა და მშობლები შეხვდნენ. დაკავებული დეკანოზის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს რამდენიმე თვეა ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა ორი დღის წინ მიიღეს, თუმცა ამ შეხვედრას დაცვის მხარე ვერ დაესწრო.
ხვალ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გაგრძელდება, რომელზეც გიორგი ფანცულაიას განცხადებით, შესაძლოა მოწმეთა დაკითხვა დაიწყოს.