(რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტზე პარლამენტარები შეამოწმეს. კვლევები საკანონმდებლო ორგანოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, 26 მაისს ამოქმედდა და მისი დანიშნულება ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა გამოკვლეული ბენეფიციარის შესახებ, მონაცემების ონლაინ რეგისტრაციის უზრუნველყოფაა.
უფასო საყოველთაო სკრინინგის აქციაში ჩართვით, თითოეული პირი ინფორმაციას ორგანიზმში ვირუსის არსებობის შესახებ ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში მიიღებს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღირებულ მედიკამენტს უსასყიდლოდ მიიღებს.
საქართველოში ამ ეტაპზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 41.000-ს აღემატება, ამათგან 30.000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, განკურნების მაჩვენებელი კი, 98%-ს შეადგენს.