(რეზონანსი) პარლამენტმა 115 ხმით, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. კენჭისყრაზე ამავე რაოდენობის ხმებით მხარი აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ახალ რედაქციასაც დაუჭირეს.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტის არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას. ოპოზიციამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, უმრავლესობა კი კენჭსყრის შედეგს ტაშით შეხვდა.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.
კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.
მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომის ფორმატში გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. ხვალ, 12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად განიხილავენ. ამის შემდეგ პროცესი რიგგარეშე სხდომის ფორმატში გადაინაცვლებს.