(რეზონანსი) ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი დაკავების შესახებ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" იურისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გავრცელებული ცნობით, ვოლკოვის დაკავების მიზეზი 12 ივნისს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორობაა. იგი საპატიმროში 5 დღეს გაატარებს.
12 ივნისს, მოსკოვში დაგეგმილი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციის წინ, ნავალნი საკუთარი სახლთან დააკავეს. მას პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობასა და მასობრივი ღონისძიების ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევაში დასდეს ბრალი და 30 დღით დააპატიმრეს.
ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ 2016 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, რუსეთში მოქმედი კანონით ეს შუძლებელია, რადგან ნავალნი გასამართლებულია "კიროვლესის" საქმეზე. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ის კამპანიას მაინც აწარმოებს.