"რუსეთი სამაგიეროს გადახდას შედარებით ქვედა დონეზე ეცდება. მაგალითად, ისეთებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. რასაც ვერ გაუბედავს ნატოს, შეუძლია გააკეთოს ჩვენ წინააღმდეგ", - აცხადებს "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
როგორც ის აღნიშნავს, ფაქტია ისიც, რომ "რუსეთის მხარე ყოველთვის ავადმყოფურად განიცდის საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში".
ირაკლი ალადაშვილი: აშშ-სა და საქართველოს შორის, დიდი ხანია, რაც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მიმდინარეობს. იყო გარკვეული პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით, რაც გრძელდება და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება კონკრეტული შეიარაღების გადმოცემას, ჯავშანმანქანების თუ შვეულმფრენების გადმოცემის შემთხვევები იყო, რომელთა საშუალებითაც ქართული მხარე ემზადება ჩვენს პოლიგონებზე და შემდეგ უკვე ავღანეთში გასამგზავრებლად. უფრო სერიოზულ შეიარაღებაზე საუბარი ცოტა რთულია.
საქართველოს ყველაზე ძალიან სჭირდება საჰაერო თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რაზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, თუმცა მათი გადმოცემა, სამწუხაროდ, ჯერ არ მომხდარა სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ ხომ არ მოხდება მათი გადმოცემა?
ი.ა: რთულია ამის თქმა, რადგან ასეთი საუბარი ადრეც ყოფილა. როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის. ფაქტია ისიც, რომ რუსეთის მხარე ყოველთვის ავადმყოფურად განიცდის საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავად რუსეთსა და აშშ-ს შორის ასე სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა სირიის კონფლიქტში.
ამიტომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკულ მხარეზე. აშშ-ის წინა პრეზიდენტები მაინც ერთგვარ სიფრთხილეს იცავდნენ იმ მოტივით, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობით არ გაეღიზიანებინათ კრემლი.
ახალი პრეზიდენტი აბსოლუტურად განსხვავდება წინამორბედებისგან და, პრინციპში, ამ სფეროში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება დონალდ ტრამპისგან მოულოდნელი შეიძლება არც იყოს.
"რ": რამდენად მოსალოდნელია, რომ აშშ-მ უკრაინასთან დადებული უსაფრთხოების ხელშეკრულების ანალოგი საქართველოსთანაც დადოს?
ი.ა: ყველაფერი ძირითადად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული და, ასევე, საქართველოზეც. უკრაინა დღეს საომარ მდგომარეობაშია, სადაც ყოველდღიურად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთთან საქართველოც ერთგვარი ცივი ომის მდგომარეობაშია, რადგან ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ყველაფერი იმ ლოგიკით მიდის, რასაც ჰქვია დასავლეთსა და რუსეთს შორის სერიოზული დაპირისპირება. ამიტომ გამორიცხული არაფერია.
თუმცა ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი სამაგიეროს გადახდას შედარებით ქვედა დონეზე ეცდება. მაგალითად, ისეთებთან, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა. რასაც ვერ გაუბედავს ნატოს, შეუძლია, გააკეთოს ჩვენ წინააღმდეგ.
"რ": რას გულისხმობთ? რუსეთი საპასუხოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააქტიურებას ხომ არ შეეცდება?
ი.ა: ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვქონდა 2008 წელს, როდესაც რუსული აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ დასავლეთმა და, პირველ რიგში, აშშ-მ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. მაშინ კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "ადეკვატურ" ნაბიჯს გადადგამდნენ. ეს ნაბიჯი აღმოჩნდა აგვისტოს ომი და რუსული აგრესია.
"რ": იან კელიმ სწორედ ამას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული აგრესიის შესაჩერებლად მოხდება საქართველოს ჩართვა თავდაცვის სხვადასხვა პროგრამაში.
ი.ა: არის სპეციალური პროგრამა ნატოს არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებთანაც აშშ-ს აქვს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა. მათ შორის, ისრაელთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან. უკრაინა ცდილობს, რომ ამ ქვეყნების რიცხვში შევიდეს, რათა აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა უფრო გააღრმავოს.
აქ საქართველოს ინტერესიც არის, რომ ჩვენც დაახლოებით იგივე მივიღოთ, რასაც ნატოს ეს არაწევრი ქვეყნები იღებენ. იმიტომ, რომ ნატოს წევრობა საჭიროებს 29-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას, რაც ყოველთვის პრობლემა იყო და დღემდე ვერ მივიღეთ.
ნატოს წევრი რამდენიმე გავლენიანი ქვეყანა ყოველთვის იხედება კრემლის შესაძლო საპასუხო რეაქციისკენ, ამიტომაც თავს იკავებს თანხმობაზე. თორემ ახლა თავად ეს წევრი ქვეყნები აღიარებენ, რომ საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ავღანეთის ოპერაციებში, სადაც ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავდა წარმოდგენილი.