"საინტერესოა, არის თუ არა შესაძლებელი გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება, მით უმეტეს ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც აგრძელებს წინამორბედების ანდერძს - ქვეყანა უნდა იმართოს ქვეცნობიერად - მე ვარ და ჩემი ნაბადი.
"სხვა არათუ კონკურენტად, არამედ მტრად არის შეფასებული. ასე, რომ არჩევნები არა მარტო გაყალბდება, არამედ შეიძლება რამე უბედურებაც მზადდებოდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტსა და ე.წ მაჟორიტარების აჯანყებაზე "რეზონანსი" სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: რამდენიმე დღის წინ აღვნიშნე, არ გამიკვირდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავს ლაფი დაისხას. სწორედ ეს მომენტია, როდესაც უკვე ვენეციის კომისიაც კი აბუჩად იქნა აგდებული.
არადა, ხელისუფლებამ ეს საკითხი კონსენსუსად მონათლა - მაჟორიტარიზმი არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალი ნიშნულის მქონე მაჩვენებელი. ამიტომ ის დემარში, რაც უმცირესობის მხრიდან მოხდა პარლამენტში, შეფასებულია სრულიად არადამაჯერებლად უმრავლესობის მიერ.
რასაკვირველია, გონიერი ადამიანები ჭარბობენ უმრავლესობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რამე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
"რეზონანსი": ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ბოიკოტი დაგვიანებული არ არის?
ს.ც: ეს არის ქართული საზოგადოების განწყობის შესასწავლი თემა. არ შეიძლება, მუდმივად იხელმძღვანელონ მათი მამა-მარჩენალის საშინაო დავალებებით და პასუხისმგებლები იყვნენ მხოლოდ ერთი პირის წინაშე.
სხვა შემთხვევაში ჩვენ, დიდი ალბათობით, დავიჯერებდით, რომ მაჟორიტარების საკითხის გადატანა ახალი არ არის. გასულ წელს 250 ათასი ადამიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა, სადაც მოთხოვნილი იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რასაც დაეთანხმა უმრავლესობა და თქვეს - კი, ბატონო, ასე იყოს, ეს მოხდება შემდეგი, 2020 წლის არჩევნებისთვისო. გამოდის, რომ სრულიად მარტივად ტყუის "ოცნება" და ახლა საუბარია 2024 წელზე, თუ კიდევ არ გადაიდო.
"რ": ოპოზიცია ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით "ოცნება" არჩევნებს ადვილად გააყალბებს?
ს.ც: როგორი მაჟორიტარები ჰყავს "ოცნებას"? არ ვსაუბრობ მთელ სიაზე. ვისაუბროთ მათზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ ჯგუფზე, რომელმაც უცებ, ერთ ღამეში ისკუპა სწორედ "ქართულ ოცნებაში" ისე, რომ წამწამებიც არ დაუხამხამებია. ეს კი მათ უპრინციპობაზე მიუთითებს.
ამასთანავე, ბიზნესმენი მაჟორიტარები ეძებენ საკუთარი ბიზნესის გზას და მიაჩნიათ, რომ მათი ბიზნესი განვითარდება მაშინ, თუ დაცული იქნება პარლამენტის წევრის მიერ. აქამდე მათი დუმილი კი გამოწვეული იყო მხოლოდ ერთი მიზეზით - გადაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიეწერებოდა მმართველ ძალას. ცხადია, ამ ბონუსების მიმღები აღმოჩნდებოდნენ ბიზნესმენები, რომლებიც არიან ასევე მაჟორიტარები და ზედმეტი ხარჯის გარეშე დარჩებოდნენ პარლამენტში.
"რ": გაყალბებაზე გკითხავთ, არსებობს ამის ალბათობა, რაზეც ოპოზიცია საუბრობს?
ს.ც: საინტერესოა, არის თუ არა შესაძლებელი გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება, მით უმეტეს ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც აგრძელებს წინამორბედების ანდერძს - ქვეყანა უნდა იმართოს ქვეცნობიერად, მე ვარ და ჩემი ნაბადი. სხვა არათუ კონკურენტად, არამედ მტრად არის შეფასებული. "ქართულმა ოცნებამ" თავხედურად ერთის ნაცვლად 4 პირი მიავლინა და ჩააბეტონა მაჟორიტარული სისტემა კანონის სივრცეში, თანაც აბსოლუტურად უსური არგუმენტებით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არა თუ გაყალბდება არჩევნები, არამედ შეიძლება რამე უბედურებაც მზადდებოდეს.
ვიდრე არ იქნება მინიშნება, რომ ასეთი რამ იყო ხელოვნური, ემოციური ნაბიჯი და იმოქმედებენ ისევ ისე - მე ვარ და ჩემი ნაბადი, მაშინ ამ ძალას დაეწერება - რაც მოგივა, დავითაო, ყველაფერი შენი თავითაო. ეს ყველაფერი კი კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.