თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე თბილისის მერობისათვის მებრძოლი მთავარი კანდიდატების ვინაობა გამოკვეთილია, თუმცა ოფიციალურად მათი დასახელება ამ დრომდე არ მომხდარა და რატომღაც არც პრეზიდენტი ჩქარობს არჩევნების თარიღის დასახელებას.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ თარიღთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი მთავრობასთან კონსულტაციებს მართავს.
დიდი ალბათობით, ამ არჩევნებზეც მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ჩანს, თუმცა მასზე დიდ "ფსონებს" მაინცდამაინც არ დებენ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით საბოლოო თანხმობა ჯერ არც განუცხადებია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.
"ქართული ოცნების" კანდიდატი, დიდი ალბათობით, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იქნება.
"ცხადია, განიხილება ბატონი კახი კალაძის კანდიდატურა, მაგრამ ეს არ არის ჯერ ოფიციალური ინფორმაცია და როცა იქნება, ყველა გაიგებს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ კახი ძალიან კარგი მერი იქნება.
"სადაც მუშაობდა, ყველგან კარგი მუშაობით გამოიჩინა თავი. ყველა პრობლემას ძალიან კარგად აგვარებს, რაც იყო თუნდაც ხანდას ხეობაში და სხვა. ჩვენ "ოცნებაში" მხარს დავუჭერთ, თუმცა ამაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა ოფიციალურად გამოცხადდება", - უთხრა "რეზონანსს" ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება მის კონკურენტებს, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილს, თუმცა, როგორც ცნობილია, მის კანდიდატურას მხარს უჭერენ "თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკელები.
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატად ჟურნალისტ ზაალ უდუმაშვილს ასახელებს, რომელმაც ტელევიზია უკვე დატოვა და ალბათ მალე წინასაარჩევნო კამპანიასაც დაიწყებს.
"ევროპულმა საქართველომ" კი მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია ოფიციალურად დაასახელა. არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები ასევე ეყოლებათ "დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს" და დავით უსუფაშვილის პარტიას, თუმცა მათ ვინაობას პარტიის წევრები ჯერჯერობით არ ამხელენ.
უსუფაშვილის თქმით, რამდენიმე საინტერესო ადამიანს განიხილავენ და საბოლოოდ ერთზე შეაჩერებენ არჩევანს.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ამ არჩევნებზე წარმატების ყველაზე დიდი შანსი დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება, თუმცა ასეთი ადამიანი ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ, დიდი ალბათობით, მეორე ტურს პროგნოზირებს, სადაც მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის გაიმართება.
"დღეს ამომრჩეველს უწევს არჩევანი ცუდ ხელისუფლებასა და უარეს ოპოზიციას შორის. არც ერთი არ მოსწონს, ეძებს მესამეს, თუმცა არც,ერთი პოლიტიკურ პარტიაში ასეთ კანდიდატს ვერ ხედავს. ასეთი კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს", - განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით კი, დროა, ოპოზიციამ ერთ კანდიდატზე მოახერხოს შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ისევ სახელისუფლებო კანდიდატისკენ გადაიხრება.
"არსებული პოლიტიკური რეალობა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის საქმიანობის შედეგი, არამედ ეს არის ათწლეულების მონაპოვარი. ოპოზიციურმა სპექტრმა ვერა და ვერ მოახერხა რაიმე კონსენსუსის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში.
"ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება წარდგენილი არჩევნებზე, დაქუცმაცდება ამომრჩეველთა ხმები და ამით უსათუოდ დაასაჩუქრებენ ხმების უმრავლესობით "ქართული ოცნების" კანდიდატს.
"ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება, ჩვენს პოლიტიკოსებს მივცეთ საკმარისი დრო და შევევედროთ, გამონახონ საერთო ენა, რათა ერთ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ეს შეიძლება უტოპიური სურვილია ქართულ რეალობაში, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მერე ოპოზიციასაც შეგვიძლია გავუგზავნოთ შეტყობინება: რასაც დასთეს, იმას მოიმკი", - უთხრა "რეზონანსს" ცისკარიშვილმა.