რატომ ეჩქარება ასე "ოცნებას" კონსტიტუციის მიღება, რომელიც მხოლოდ 7 წლის შემდეგ ამოქმედდება
ეკატერინე ბასილაია
23.06.2017

 პრეზიდენტის მოწოდების და ასევე მთელი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა და სრულად მობილიზებულმა "ქართულმა ოცნებამ" რეკორდულად სწრაფად, დღენახევარში, ისე, რომ ერთი მცირე შენიშვნა თუ განსხვავებული რეპლიკაც არ ყოფილა, ახალი კონსტიტუცია პირველი მოსმენით 115 ხმით მიიღო.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის პროექტისადმი კონსენსუსი ნულოვანია, "ოცნებამ" მქუხარე ტაშით აღნიშნა ეს "დიდი გამარჯვება".

კენჭისყრის დაწყებამდე პრეზიდენტმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, "ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით", რადგან ეს არის კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ნულოვანი კონსენსუსი აქვს, მას ხელს მხოლოდ ერთი პარტია აწერს და ძალადობით მთავარი კანონის მიღება არასწორი ნაბიჯია."

მანამდე ჯერ მთელმა საპარლამენტო ოპოზიციამ, გუშინ კი 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოუცხადეს ბოიკოტი ასეთი დაჩქარებული ტემპით კონსტიტუციის პროექტის მიღებას.

მთავარი უკმაყოფილება ეხება იმას, რომ კენჭისყრაზე გატანილი კონსტიტუციის პროექტის ბოლო ვერსია არის სრულიად სხვა, ვიდრე საკონსტიტუციო კომისიაში შექმნილი და შემდეგ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი დოკუმენტი იყო, რადგან მასში რამდენიმე დღის წინ "ოცნებამ" ერთპიროვნულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის მიუღებელი დათქმები, შეიტანა ისე, რომ აზრი არავისთვის უკითხავს.უმთავრესი მიუღებელი დათქმა საარჩევნო სისტემას ეხება, რადგან 2020 წლისთვის ისევ ძალაში რჩება მაჟორიტარული არჩევნები, ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე დაიწევს, მაგრამ მუდმივად უქმდება საარჩევნო ბლოკები.

ამიტომაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ლეგიტიმურ შეკითხვას სვამენ, მაშინ რას ემსახურებოდა ეს 6-თვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვა ჯერ კომისიაში, შემდეგ რეგიონებში, თუკი "ოცნება" ბოლო მომენტში შეცვლიდა უმთავრეს საკითხს - საარჩევნო სისტემას და მაჟორიტარებს დატოვებდა 2020 წელსაც.

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს, არასაპარლამენტო ოპოზიცია რევოლუციურ გზაზეც ალაპარაკდა და ვენეციის კომისიასაც უგზავნის წერილს, რომ ხელისუფლებამ მოიტყუა და მაჟორიტარული სისტემა ძალაში რჩება.

არასამთავრობოები ვენეციის კომისიას მიმართავენ, ხელისუფლებას მოუწოდოს, შემოდგომისთვის გადაიდოს მეორე მოსმენით მიღება. ასევე, ოპოზიციასთან მომავალ ნაბიჯებზე კონსულტაციებსაც იწყებენ.

თუმცა, ამ მძაფრი მიუღებლობის მიუხედავად, დღეს ან ხვალ კონსტიტუციის პროექტს მეორე მოსმენითაც მიიღებს მმართველი პარტია და შემოდგომისთვის მხოლოდ მესამე და საბოლოო მოსმენით მოხდება ახალი კონსტიტუციის დამტკიცებაც. მეორე და მესამე მოსმენას შორის კი კანონპროექტში, როგორც წესი, არაფერი იცვლება.

კონსტიტუციის პროექტის ირგვლივ, უკვე თვეებია, ვნებათაღელვა არ ცხრება და საკონსტიტუციო კომისიის შემდეგ ოპოზიციამ ბოიკოტი საპარლამენტო განხილვასაც გამოუცხადა მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" ვენეციის კომისიიდან მიღებული პირველადი დასკვნის გამოქვეყნების მეორე დღესვე სასწრაფოდ ჩანიშნა რიგგარეშე სხდომები.

ამ სისწრაფის და "ოცნების" მიერ კიდევ ახალი ცვლილებების შეტანის გამო პირველად ბოიკოტი "პატრიოტთა ალიანსმა" გამოაცხადა. ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა და ისინი ამ ტყუილში და ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მან პრემიერ კვირიკაშვილს თანამდებობიდან წასვლა ურჩია, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს კი პროცესებში ჩართვა სთხოვა. შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და საპარლამენტო უმცირესობამაც.

პარლამენტში კონსტიტუციის განხილვის პროცესს ემიჯნებიან არასამთავრობოებიც და მიზეზი საარჩევნო სისტემის მიუღებლობაა.

"ის, რაზეც ჩვენ ვიყავით შეთანხმებული თავიდანვე საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, არ სრულდება. აქედან გამომდინარე, მთელი ეს პროცედურა აზრს კარგავს. ჩვენ აღარ ჩავერთვებით ამ აბსურდულ განხილვაში", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ "ოცნებამ" შეთანხმებული პოზიცია გადათქვა და დახურულ კარს მიღმა მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ამიტომაც დიალოგი და პროცესი თვალთმაქცობად გადაიქცა და მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიასაც, მიაწვდიან.

მიუხედავად ამ საერთო აღშფოთებისა, გუშინ "ოცნებამ" საკუთარი დეპუტატების სრული მობილიზებით და დამოუკიდებელი დეპუტატის - სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით კონსტიტუციის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

მანამდე დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებების პროექტსაც, რისთვისაც სულ 10 წუთი დასჭირდათ და არც ერთ დეპუტატს ერთი შეკითხვაც არ დაუსვამს.

ახალი კონსტიტუცია 7 წლის შემდეგ, პრეზიდენტის 2023 წლის არჩევნების შემდეგ, შევა ძალაში, თუმცა რამდენიმე დათქმით. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება არა 2020 წელს, არამედ 2024-ის საპარლამენტო არჩევნებისას. ასევე, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა გაიმართება 2023 წელს.

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, შემოთავაზებულ რედაქციაში 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი - გაერთიანებული. კონსტიტუციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ცვლილება შედის.

პარლამენტის დარბაზში მარტოდ დარჩენილი "ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ახალი კონსტიტუციის სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიციის და არასამთავრობოების ბოიკოტი სამწუხაროა, რადგან "ოცნებამ" ოპოზიციასაც ბევრი დაუთმო და შენიშვნების 80%-იც გაითვალისწინეს.

"როგორც ჩანს, მიზანი ეს იყო, რომ ეს პროცესი დაზარალებულიყო. პროცესი არის ლეგიტიმური, რადგან უმრავლესობას ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა", - ამბობს ჩუგოშვილი.

"პროგრესისთვის ჩრდილის მიყენებას" უწოდებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ბოიკოტს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მას ამ ბოიკოტის მოლოდინი თავიდანვე ჰქონდა და, ამის მიუხედავად, "ეს არ არის ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რადგან "ოცნებაში" სხვა პატარა პარტიებიცაა გაერთიანებული".

ის პრეზიდენტის მოწოდებასაც გამოეხმაურა ნულოვანი კონსენსუსისა და პულტებით ძალადობაზე და თქვა, რომ ქვეყნისთვის არ არის კარგი პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები და "დასანანია, როდესაც პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×