რეზონანსი
23.06.2017

 (რეზონანსი) ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალაა, სადაც ასახულია მე-7 განყოფილება და კადრები, თუ როგორ ჩხრეკენ დაკავებულს და გარეშე პირების თანდასწრებით აშიშვლებენ.

„ლიბერალი"-ის ინფორმაციით, პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული.

გამოცემის წყაროს განცხადებით, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, რადგან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. წყაროს ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.

შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.

შოთა პაკელიანის ადვოკატი, გიორგი მახარაძე აცხადებს,რომ პროკურატურის მოქმედებები არაადეკვატურია, ეს ვიდეომასალა საგამოძიებო უწყებას დიდი ხანია აქვს. დაცვის მხარე ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც პაკელიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდა. გიორგი მახარაძე განყოფილების უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეც საუბრობს.

„მაისში აღნიშნული ვიდეომასალა გამოძიებასაც მოეპოვებოდა. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ არ წავიდა საქმე წინ და არანაირი ქმედითი ნაბიჯი გამოძიების მხრიდან გადადგმული არ იყო. სანამ მედიასაშუალებით არ გავრცელდა კადრები, რეაგირება არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ნათლად აჩვენებს პილიციელების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე" , - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

26 წლის შოთა პაკელიანი, პოლიციამ 23 მარტს დააკავა. მას ბრალად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შეძენა, შენახვა და რეალიზება ედება. პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ბრალდებულის მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

შოთა პაკელიანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან დაახლოებით სამი კვირის წინ გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალმა" 1 ივნისს გაავრცელა. პაკელიანს 4-წლიანი პირობითი პატიმრობა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×