(რეზონანსი) „მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი" - ამის შესახებ პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.
საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან პატრიარქის შეხვედრის ამსახველი აუდიო მასალა გაავრცელა.
ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქთან შეხვედრისას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა ილია მეორეს საქმის გამოძიების დასრულებამდე, დეკანოზის თავდებით გათავისუფლება სთხოვა.
ილია მეორეს მამა გიორგი მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ძმა და მშობლები 21 ივნისს შეხვდნენ. დაკავებული დეკანოზის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს რამდენიმე თვეა ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა მიიღეს, თუმცა ამ შეხვედრას დაცვის მხარე ვერ დაესწრო.