(რეზონანსი) ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრიტანეთში როკფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ფილმი, „Glastonbury" წარადგინა. ფილმში ის მთავარ როლს ასრულებს. ჯონი დეპმა პრეზენტაციისას დონალდ ტრამპის მკვლელობაზე იხუმრა. ამის შესახებ „გარდიანი" წერს.
აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას 54 წლის დეპმა მაყურებლებს ჰკითხა, ბოლოს როდის მოკლა მსახიობმა პრეზიდენტი, რასაც ფანების მხრიდან ოვაცია მოჰყვა. ამის შემდეგ მსახიობმა საკუთარ შეკითხვას თავად გასცა პასუხი და იხუმრა, რომ შესაძლოა ამის დრო უკვე დადგა.
„შეიძლება ტრამპი აქ მოვიყვანოთ? მე ვფიქრობ, მას დახმარება სჭირდება, აქ არის ბევრი ბნელი ადგილი, სადაც მას გაქცევა შეუძლია. ეს ამბავი მოხვდება პრესაში და საშინელება იქნება, მაგრამ მაინც მინდა, რომ ამის თანამონაწილეები იყოთ. ბოლოს როდის მოკლა მსახიობმა პრეზიდენტი, ეს უბრალოდ კითხვაა, არაფრისკენ მიგანიშნებთ" , - განაცხადა მსახიობმა.
გამოცემა „გარდიანი" წერს,რომ მსახიობმა ამ გამოსვლით პარალელი გაავლო აბრაამ ლინკოლნის მკვლელობასთან. 1865 წლის 14 აპრილს, აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა მოკლა. მან პრეზიდენტს სპექტაკლის დროს თავში ესროლა.შემდეგ ის სცენაზე ავარდა და დაიყვირა: „Thus ever to tyrants!"-ასე უნდათ ტირანებს.