"ან კომბლები და რევოლუცია, ან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები"
ეკატერინე ბასილაია
24.06.2017

 "ან აქციები, კომბლები, რევოლუცია - ან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ოპოზიცია მთლიანად მხარს დაუჭერს ერთ კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს," - "ოცნების" მიერ კონსენსუსის გარეშე კონსტიტუციის მიღების გასაპროტესტებლად შესაძლო სავარაუდო ნაბიჯებზე საუბრობს "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი.

გიორგი ახვლედიანი: რატომ ჰგონია "ოცნებას", რომ მას არ შეეხება საზოგადოებრივი პროტესტი ისე, როგორც ასეთივე უტიფარი ქმედებების გამო შეეხო წინა 2 ხელისუფლებას?! ვერ ვხვდები, რატომაა "ოცნება" ასე გაყოყოჩებული. ბოლო 2 არჩევნებში მისული ამომრჩევლებიდან ნახევარმაც არ დაუჭირა მხარი და მაინცდამაინც საბაქიბუქოდ საქმე არ აქვთ.

თუ ჰგონიათ, რომ ასეთი უტიფარი ტყუილები, საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინებლობა, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატანა ისე, რომ არანაირ კონსენსუსზე საუბარი არ არის, ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების სრული იგნორირება, ეს ყველაფერი შერჩებათ, ძალიან ცდებიან.

ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მძიმე რეალობაშია ჩავარდნილი, როდესაც აბსოლუტურად მარტოა დარჩენილი. ამ კონსტიტუციას პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს. საზოგადოებისთვის მიუღებელია ერთ პარტიაზე მორგებული კონსტიტუცია და ყველა ხვდება, რომ ცვლილებები ავტოკრატიისკენ, ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია, რაც არავის არ მოსწონს.

მეორეც, ამ უტიფარ ტყუილს ძალიან მწვავე შეფასებას მისცემენ ვენეციის კომისია და ევროსაბჭო.

6 თვეა, გვეუბნებიან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო. ამას უმტკიცებენ ვენეციის კომისიას და საზოგადოებას და უცებ გამოჩნდა, რომ მოგვატყუეს. 4 თვე საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, შემდეგ თვენახევარი საქართველოში შემოვატარეთ ეს პროექტი, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ვკამათობდით, შემდეგ ვენეციის კომისია ერთი თვე ვამუშავეთ, პროპორციულ სისტემაზე რეკომენდაციები რომ მოეცა და საბოლოო დასკვნა რომ დადო ვენეციის კომისიამ, მეორე დღეს "ქართულმა ოცნებამ" გამოგვიცხადა, უკაცრავად, მოგატყუეთ, ჩვენ არ გვინდა პროპორციულზე გადასვლა, მაჟორიტარული გვირჩევნიაო. ეს უტიფარი ტყუილი ყველა მხრიდან უარყოფითად შეფასდება.

"რეზონანსი": ლეგიტიმური კითხვაა, რას განიხილავდა "ოცნება" 6 თვე, თუ მაინც ძველ საარჩევნო სისტემას დატოვებდა?

გ.ა.: "ოცნებაში" ხვდებიან, რომ 2020 წელი რთული იქნება. მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით დაუმსახურებელ 73 მანდატს ისაკუთრებენ. მათ მიერ შემოთავაზებულ ბონუსებში 30-40 მანდატის მითვისების საშუალება იყო, მაგრამ ვენეციის კომისიამ მკაცრად მიუთითა, არავითარი ყველა ბონუსის წაღებაო. ამიტომაც "ოცნებამ" ზედა ზღვარი დააწესა, მაგრამ გამოთვლით ნახეს, რომ 22 მანდატის მეტს ვერ წაიღებდნენ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რადგან გვაიძულებენ, 20 მანდატზე მეტი ვერ მივისაკუთროთ, 2020 წლის არჩევნები რთული იქნება და გადავაგდოთ ევროსაბჭოც, ვენეციის კომისიაც და მთელი ქვეყანაცო.

მათ უნდათ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ ეს "შავი საქმე". ეს რომ ასე სწრაფად არ მიიღონ, ვენეციის კომისიისგან ახალ პრეტენზიებს მიიღებენ. ვენეციის კომისიაში ამ საბოლოო რეკომენდაციის მიღებისას იქ ბრძანდებოდნენ კობახიძეც, ჩუგოშვილიც და ბესელიაც და ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ, მაჟორიტარულ სისტემას ვტოვებთ, თქვენი რეკომენდაცია აღარ გვაინტერესებს, ტყუილად იმუშავეთო.

"რ": რას აპირებს ოპოზიცია?

გ.ა.: ჩვენ, 15-მა კვალიფიციურმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, შევადგინეთ ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნი წერილი, ინფორმაცია იმაზე, თუ რას სჩადის "ქართული ოცნება", როგორ უტიფრად ატყუებს ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიას. გვინდა, კიდევ მეტი ხელმოწერა დაფიქსირდეს. ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში ამაზე განსხვავებული აზრი არ არსებობს და უახლოეს დღეებში ეს წერილი გაიგზავნება.

მოვლენების განვითარებას რაც შეხება, ორი გზა გვაქვს. მოცემულობაა, რომ ხელისუფლება არჩევნებით არ შეიცვლება. "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა ამისთვის, მაჟორიტარული სისტემა დატოვა და ცესკოშიც 13-წევრიდან 10 თავად უნდა დანიშნოს. ამიტომ ორი გამოსავალია - ან ყველა ვეგუებით ავტოკრატიის პირობებში ცხოვრებას, ან ის უნდა შეიცვალოს აქციებით, კომბლებით, რევოლუციური პროცესით.

ხელისუფლებამ პროცესი ჩიხში შეიყვანა და ჩიხიდან გამოსავალი არის რადიკალიზმი.

უახლოეს დღეებში დავგეგმავთ. ყველა საშუალება უნდა მოვსინჯოთ. საზოგადოებასაც ძალიან კარგად უნდა გავაგებინოთ, რა საფრთხეში აღმოვჩნდით "ოცნების" ფარული გადაწყვეტილების შემდეგ და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც უნდა უზრუნველვყოთ. "ოცნებას" მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ მხარდაჭერა და პოლიტიკური ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

არის კიდევ ერთი გზა - შესაძლებელია, ერთდროულად ჩატარდეს ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები, ოპოზიციამ მთლიანად მხარი დაუჭიროს ერთ კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს და ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" ამ ორივე არჩევნებს წააგებს. როდესაც ეს მოხდება, ეს იქნება ყველაზე მკაფიო გზავნილი, რომ მათი პოლიტიკა არის მიუღებელი.

ეს იდეა ჯერ არ მიმიწოდებია სხვებისთვის, მაგრამ ყველაზე იდეალური გზაა. მგონია, რომ პრეზიდენტი ამაზე უნდა დაფიქრდეს, რადგან ეს არის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×