საქართველოსთვის რუსული ინვესტიციები არასაიმედოა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რა პროექტიც უნდა განახორციელონ, რუსული ბიზნესი მუდმივად კრემლის პოლიტიკაზე იქნება მიბმული. "ინტერ-რაოს" მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირება თვალსაჩინო მაგალითია, რატომ არ უნდა ვენდოთ რუს ინვესტორებს, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ საკუთარი მზაკვრული "კარტის" გათამაშება.
პრობლემა ამ კომპანიასთან ელექტროენერგიის სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. რუსულმა სახელმწიფო ენერგოგიგანტმა საქართველოს მთავრობას 2017 წლის 14 აპრილს მისწერა, რომ წინასაარბიტრაჟო გზით დავას იწყებს. "ინტერ-რაოში" აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობასთან 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმით, ლარის დოლარის მიმართ გაუფასურების შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა უნდა მომხდარიყო. 2015-16 წლებში "ინტერ-რაომ" ორჯერ მოითხოვა ტარიფის გადახედვა და ორჯერვე უარი მიიღო.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით კი, რუსული კომპანიის მოთხოვნები საქართველოს მთავრობისადმი მიუღებელია. "ინტერ რაო" შვილობილების სახით ითხოვს ყველაფერს, "რაც ეკუთვნის და არ ეკუთვნის". ქართული მხარე თავის სიმართლეში დარწმუნებულია და ამიტომ დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.
"ისინი ძალიან დიდ კომპენსაციას ითხოვენ. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ეს კომპენსაცია არ ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ ჩვენი პოზიციის სიძლიერეში და მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე ვიდავოთ", - განაცხადა ელოშვილმა.
ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ რუსულ კომპანიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის უთანხმოება მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი. ეს ხდება იმის გამო, რომ თავის დროზე ქვეყნის მთავრობამ შეცდომა დაუშვა.
"ხელშეკრულება ყოველთვის ორმხრივია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვითხოვთ "თელასისგან" ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, უფრო პრინციპული პოზიცია დაგვეჭირა, ვერაფერს გაბედავდნენ. რაც ახლა ხდება, ტარიფის გაძვირებისკენ არის მიმართული. "ინტერ-რაომ" საქართველოსგან იმდენი სიკეთე (არაგეგმური მოგება) მიიღო, რომ თავისუფლად შეუძლია აქტივების გაყიდვაც, მაგრამ ასე ადვილად არ შეელევა.
რა ტარიფითაც სარგებლობენ, ისიც კი მეტია, გაზრდაზე ხომ საუბარიც წარმოუდგენელია. აქ არის ჩვენი ჩინოვნიკების უყაირათობა, რის გამოც "ყაზტრანსგაზთანაც" შეგვექმნა პრობლემა. ფაქტია, რომ საქართველოს მხრიდან რუსულ კომპანიასთან ხელმოწერილია ჩვენთვის გაურკვეველი პირობა, რაც საქართველოს მოსახლეობას, შესაძლოა, 125 მლნ დოლარი დაუჯდეს", - აცხადებს ჭიჭინაძე.
ოდნავ განსხვავებული მოსაზრება აქვს ენერგეტიკოს გია არაბიძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსული ინვესტიციები საქართველოს ყოველთვის შეუქმნის პრობლემას, რადგან პოლიტიკისგან მისი გამიჯვნა თითქმის შეუძლებელია.
"რუსული ინვესტიცია, რა სფეროშიც უნდა ხორციელდებოდეს, მუდმივად კრემლის პოლიტიკაზე იქნება მიბმული. თანაც, "ინტერ-რაო" რუსეთის მთავრობასთან ასოცირებული კომპანიაა. ევროპისა და სხვა ქვეყნების ინვესტიციებისგან განსხვავებით, მას აკლია სიმყარე და ნაკლებად სანდოა. ახლა უკვე ვერაფერს ვიზამთ, როცა არჩევანიც არ გვაქვს.
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ენერგეტიკა საფრთხეშია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ რუსულ კომპანიებთან პრობლემა ყოველთვის გვექნება. ეს არის საქართველოს მუდმივი თავის ტკივილი. გლობალური ენერგოუსაფრთხოების პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ თუკი გვექნება საშუალება, სხვა ინვესტიციებს უნდა გავუღოთ კარი. ვიღაცამ უნდა ჩაანაცვლოს რუსული ენერგოკომპანიები როგორც თბოსადგურ "მტკვარი-ენერგეტიკის" შემთხვევაში მოხდა.
უმჯობესია, ქართული კომპანიები იყვნენ ბაზარზე. სხვა რომ არა, სავალუტო რყევების გავლენა არ იქნება ისეთი მკვეთრი, რასაც დღეს ინვესტორები საქართველოში აწყდებიან", - აღნიშნა გია არაბიძემ და დასძინა, რომ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც არ გაითვალისწინა რუსული კომპანიის მოთხოვნა და ტარიფი უცვლელი დატოვა.
"უცნობია, არბიტრაჟი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ რომ გაგვეთვალისწინებინა რუსული კომპანიის მოსაზრება, ტარიფი იქნებოდა იმდენად "მძიმე", რომ ქვეყანაში სოციალურ ამბოხს მივიღებდით", - აცხადებს ენერგეტიკოსი.
"ინტერ-რაოს" სასარჩელო განაცხადი ენერგეტიკის სამინისტრომ წინა კვირას მიიღო და ახლა რუსულ ენერგოგიგანტთან საერთაშორისო დონეზე დავისთვის მზად არის.