"საუბარი იმაზე, რომ აქციებს დაიწყებენ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მორიგი შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ საქართველო რევოლუციებისგან დაღლილი ქვეყანაა; ქვეყანა, რომელმაც ვერც ერთი რევოლუციის დროს ის ვერ მიიღო, რისთვისაც გამოდიოდა", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი შეფასებით, რევოლუციის მოწყობა არანაკლებ რთული საქმეა, ვიდრე პარლამენტში დებატების მოგება, "ოპოზიციას კი დებატების მოგებაც არ შეუძლია".
რამაზ საყვარელიძე: საერთოდ, დაჩქარებულ ტემპთან დაკავშირებით კითხვები წინა საკონსტიტუციო კომისიის მიშაობის დროსაც გაჩნდა. მე ვფიქრობ, ახლაც ცვლილებების დაჩქარებით მიღება უფრო იმის გამოძახილია, რომ წინა კომისიამ ვადაში ვერ გაართვა თავი კონსტიტუციაზე მუშაობას. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძირითადად იმ კომისიის მუშაობასთან შეჯიბრი იყო მთავრობის ასეთი ოპერატიულობის სურვილი. ხდება ხოლმე, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან.
"რეზონანსი": თუმცა ახლა საკონსტიტუციო პროექტის დაჩქარებული ტემპით მიღება იმ ფონზე ხდება, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა მხარეებს ბოლომდე შესწავლილი არ აქვთ და, ამასთან, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს.
რ.ს.: არ მესმის, ვენეციის კომისიის დასკვნა ბოლომდე გაანალიზებული ვის არ აქვს? ვინ თქვა ეს?
"რ": ამას აცხადებენ კომისიის წევრები და სახალხო დამცველიც.
რ.ს.: არ მესმის ეს პოზიცია და არ ვეთანხმები.
"რ": ჩვენ ვნახეთ, რომ კონსტიტუციის პროექტი ჯერ ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და შემდეგ აქ ისევ მსჯელობა დაიწყო გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე, თუნდაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს რამდენად სწორია?
რ.ს.: მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსთვის საზიანოა ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება ვენეციის კომისიისთვის. სახელმწიფოს თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს და არ გამოვიდეს ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის ინსტრუქციით მოქმედი ქვეყანაა. ამას თავად ვენეციის კომისია არ გაიძულებს.
არადა, ხშირად ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში დაახლოებით ასეთი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება უნდა ასრულებდეს უცხოეთის ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტრუქციას. თანაც, ამას ისინი ითხოვენ, ვისთვისაც საბჭოთა პერიოდი მიუღებელი იყო, იმიტომ, რომ ქვეყანა სხვა მხარის ინსტრუქციებით მოქმედებდა. ე.ი, სხვა ქვეყნის ინსტრუქციით მოქმედებაც მიუღებელი უნდა იყოს, წესით.
ამიტომ ვენეციის კომისიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, გაზვიადებულია. მით უმეტეს, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ, ზოგადად, პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს.
"რ": თუმცა ზოგიერთ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები გაითვალისწინა და არგუმენტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოჰყავს. მეორე მხარე კი აცხადებს, რომ რაზეც ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, საკუთარი წესები შემოიტანა და გადაუნაწილებელი მანდატებიც ისევ პრობლემა გახდა. თუ გარკვეული შეხედულებების გათვალისწინება არ მოხდება, მაშინ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას რა აზრი ჰქონდა?
რ.ს.: მე ვფიქრობ, აქ ძირითადად კონსენსუსი უნდა იყოს საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, პროცენტულად საზოგადოების რა ნაწილია ოპოზიცია?
"რ": ალბათ მცირე ნაწილი.
რ.ს.: შესაბამისად, თუ კონსენსუსი არ არის ოპოზიციასთან, ეს არ ნიშნავს, რომ კონსენსუსი არ არის საზოგადოებასთან.
"რ": თუმცა, შესაძლოა, ოპოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებებს გამოხატავდეს.
რ.ს.: როგორ ფიქრობთ, ეს ოპოზიციის პირადი მოსაზრებები არ იყო? როგორ გგონიათ, მანდატების გადანაწილება და იქნება თუ არა პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს საზოგადოების ინტერესს ასახავს?
"რ": თუ გავითვალისწინებთ, რომ სახალხო განხილვაზე ყველაზე დიდი დისკუსია სწორედ ამ საკითხებზე იმართებოდა, ალბათ საზოგადოებას აინტერესებს, ამით ხომ მათი არჩევანის ბედი წყდება?!
რ.ს.: ეს იმ სახალხო განხილვაზე, რომელზეც ოპოზიცია აცხადებდა, დადგმული სპექტაკლი იყოო. გამოდის, რომ სახალხო განხილვას როცა გვინდა, სპექტაკლს ვუწოდებთ, როცა გვინდა - გარკვეულ საკითხებს ხალხის ინტერესებად ვასაღებთ. როგორ შეიძლება, ხალხის საკითხი იყოს მაჟორიტარის არყოლა, როდესაც საზოგადოებისთვის მაჟორიტარი მათი ხმის მატარებელია?! ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რასაც ოპოზიცია ითხოვს, ეს ხალხის ინტერესებია, მე ცოტა გადაჭარბებული მგონია.
ის ფაქტი, რომ ეს პარტიები დაბალრეიტინგულია, უკვე მეტყველებს, რომ მათი აზრები ხალხის ინტერესს არ შეესატყვისება, თორემ სხვა შემთხვევაში მაღალი რეიტინგი ექნებოდათ.
"რ": საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პარალელურად აქციები ანონსდება. როგორ განვითარდება ეს პროცესები?
რ.ს.: საუბარი იმაზე, რომ აქციებს დაიწყებენ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მორიგი შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ საქართველო რევოლუციებისგან დაღლილი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ვერც ერთი რევოლუციის დროს ის ვერ მიიღო, რისთვისაც გამოდიოდა. ამის მერე კიდევ რევოლუციისკენ მოწოდება იმიტომ, რომ პარტიებმა საკუთარი სურვილები გადაწყვიტონ, მე ვფიქრობ, უკვე ბოდიშის მოსახდელია მათი მხრიდან.
ხომ აცხადებენ, ევროპული ღირებულებები გვაქვსო?! მანახონ, ევროპის რომელ ქვეყანაში მიდის ოპოზიცია რევოლუციის გზით? არც ერთში. იმიტომ, რომ ყველგან იციან, რევოლუცია სიკეთის მომტანი პროცესი არ არის.
თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი ამ აქციებზე არ გამოვა. რევოლუციის მოწყობა არანაკლებ რთული საქმეა, ვიდრე პარლამენტში დებატების მოგება. ამ ოპოზიციას დებატების მოგება არ შეუძლია და ჰგონია, რომ რევოლუციას შეძლებს?! დამიჯერეთ, არც ეს შეუძლიათ.