დილერები და სპეციალისტები სტატისტიკურ მონაცემებს არ ენდობიან
ნათია ლომიძე
24.06.2017

 საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადი და საწვავი მკვეთრად გაძვირდა, ამას იმპორტიორი კომპანიების საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები და ავტობიზნესით დაკავებული ადამიანები აცხადებენ, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი თანხობრივად გაიზარდა და არა მანქანების რაოდენობის მხრივ. იაპონიის ბაზარი ამერიკამ და ევროპულმა ქვეყნებმა ჩაანაცვლა.

2017 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 185 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 181 მილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წლის იანვრიდან "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ხოლო ჰიბრიდული მანქანების შემთხვევაში შემცირდა. წესით, ამას ცვლილებები უნდა გამოეწვია, მაგრამ სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, იმპორტის მაჩვენებელი ძველებურად მაღლა იწევს.

ასეთ მონაცემებს რეალურად არ აღიქვამს კომპანია "იამატოს" ხელმძღვანელი პაატა მაისურაძე. მისი თქმით, მანქანების ის ოდენობა, რაც იაპონიიდან შემოდიოდა, ამერიკასა და ევროპაზე გადანაწილდა.

"ვერ დავეთანხმები მონაცემებს, რომ ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. ჩვენ ცალსახად შეგვიმცირდა ბრუნვა აქციზის გასამმაგების გამო, რადგან არარენტაბელური გახდა იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი. მსგავსი მდგომარეობა აქვს ყველას, ვისაც იაპონიიდან შემოჰყავდა მანქანები.

რაც შეეხება ამერიკისა და ევროპის ბაზარს, იქ უკეთესი მდგომარეობაა, იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობაც გაიზარდა. იაპონიაზე ვინც მუშაობდა, ამერიკასა და ევროპაზე გადაერთო. საწვავის ფასის ზრდა დიდად არასდროს მოქმედებდა ავტომობილების იმპორტზე, შესაძლოა, მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში ჰქონდა გავლენა და შემდეგ ყველაფერი ძველ კალაპოტში ბრუნდებოდა", - განაცხადა მაისურაძემ.

იაპონიიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შემცირებას ადასტურებს კომპანია "ფორვარდერის" ხელმძღვანელი დავით ჯეჯელავა. მისი თქმით, ადრე იაპონიიდან შემოდიოდა 700-800 კონტეინერი, ახლა კი - 300, რაც მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია.

"როდესაც ავტომობილები შემოდიოდა იაპონიიდან, განბაჟებული მანქანის ფასი 2500-3000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ახლა სტატისტიკა შეიცვალა. ამერიკიდან რომ ჩამოდის მანქანები, ბევრად ძვირი ჯდება, ვერ განაბაჟებ ამერიკიდან შემოყვანილ მანქანას 3000 დოლარად, ეს წარმოუდგენელია.

ამის გამოა, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, იმპორტის თანხობრივი მაჩვენებელი გაზრდილია, მაგრამ იმ რაოდენობის მანქანები აღარ შემოდის. მაგალითად, იაპონიიდან ადრე შემოდიოდა 700-800 კონტეინერი, ახლა შემოდის - 300, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გააქტიურდა ევროპისა და ამერიკის მიმართულება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ავტოდილერების მოსაზრებას ეთანხმება საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი. მისი აზრით, იმპორტირებული მანქანების ოდენობა კი არ გაიზარდა, არამედ მათი ღირებულებაა მაღალი, ამიტომ საერთო თანხობრივი მაჩვენებელი შარშანდელზე მაღალია. მესხიშვილის მტკიცებით, 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული დაბეგვრის ახალი რეჟიმი სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მეთოდია და არა ქვეყანაში ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვა.

"ჩვენ ჯერ არ გვაქვს შეჯამებული, შემოყვანილი მანქანების რაოდენობა გაიზარდა თუ არა, მაგრამ, ვფიქრობ, იმის მტკიცება, რომ იმპორტი მზარდია, არ შეესაბამება სიმართლეს. მოიმატა მხოლოდ თანხობრივმა მაჩვენებელმა, რაც განბაჟების ახალი სისტემითაა გამოწვეული. ამასთან დაკავშირებთ ჩვენ გვქონდა შენიშვნები, გეგმაში იყო, რომ წახალისებულიყო ახალი ავტომობილები, რასაც ოფიციალურად აცხადებდა ხელისუფლება.

საბოლოოდ კი სხვა სურათი მივიღეთ. ერთ წლამდე და ერთი წლის მანქანების განბაჟება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე 9 ან 10-წლიანების. ჩაითვალა, რომ ვინც ახალ ავტომობილს ყიდულობს, მას ფულიც აქვს. ეს არ არის სწორი მიდგომა.

შედარებით დადებითი ინფორმაცია ის არის, რომ ჰიბრიდების რაოდენობა გაიზარდა. საერთო სურათს თუ შევაჯამებთ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბიუჯეტი ნამდვილად მომატებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს ავტოპარკის განახლებას, რასაც ჩვენ ვითხოვდით", - აღნიშნა მესხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×