პატრიარქს მამა გიორგის უდანაშაულობის არ სჯერა და ამიტომ მისი მოთხოვნით მას არავინ აზიარებს, აცხადებენ თეოლოგები
ეკატერინე ბასილაია
24.06.2017

 ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძეს, 4-თვიანი თხოვნის მიუხედავად, უახლოეს მომავალში არ აზიარებენ. უფრო კონკრეტულად კი მანამდე, სამამ სასამართლოში თავის უდანაშაულობას არ დაამტკიცებს.

ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ "რეზონანსთან" საუბრისას თეოლოგები პატრიარქის მდივნის - მამა მიქაელ ბოტკოველის გუშინდელი განცხადების შემდეგ, როდესაც მამა მიქაელმა თქვა, რომ რომ უახლოეს მომავალში მამა გიორგის ზიარება არ მოხდება, ერთი, რომ მამა გიორგის "სერიოზული ბრალდება აქვს წაყენებული და მან უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში" და მეორეც, მას ზიარებაზე ეპიტემია (სასჯელი) ქორეპისკოპოსმა იაკობმა დაადო იმ განცხადებების გამო, რაც საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით გამოთქვა.

ლევან აბაშიძის თქმით, მეუფე იაკობი პატრიარქის ნებართვის გარეშე ეპიტემიას ვერ დაადებდა. მამა მიქაელიც პატრიარქის მდივანია და, შესაბამისად, მისი გამხმოვანებელიც, ამიტომაც მისი განცხადება იმას ნიშნავს, რომ მამა გიორგის ზიარებას სწორედ პატრიარქი კრძალავს.

ვლადიმერ ნარსია ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, მეუფე იაკობის ჯგუფმა დაარწმუნა პატრიარქი, რომ მისი ზიარება არ უნდა მომხდარიყო, რაც არაკეთილსინდისიერებაა.4 თვეზე მეტია, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდით პატრიარქის რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის დაგეგმვის ბრალდებით წინასწარი პატიმრობის საკანშია და ამ საპატრიარქოსგან ზიარებას უშედეგოდ ითხოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში საპატრიარქოდან ისმის სხვადასხვა სასულიერო პირების განცხადებები, რომ მამა გიორგი ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სულიერი შვილია და, შესაბამისად, მისი აღსარების საფუძველზე მეუფე დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს, აზიარებს თუ არა მას. ბათუმისა და ლაზეთის მეუფე დიმიტრი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს საერთოდ არ იძლევა.

გუშინ კი პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ სამშაბათს, 27 ივნისს, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირები - დეკანოზი დავით შარაშენიძე და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მივლენ და მოისმენენ ინფორმაციას, რომლის გადაცემაც დეკანოზს პატრიარქისთვის სურს.

ამასთან, მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ დეკანოზის ოჯახის თხოვნის მიუხედავად, ილია || მამა გიორგის თავდებში ვერ ჩაუდგება, რადგან საეკლესიო წესი სასულიერო პირის თავდებში ჩადგომას კრძალავს. ასევე, არ მოხდება ზიარებაც.

"მისი განცხადებების გამო საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ უნდა მოუხსნას მღვდელმთავარმა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგი დადგება სასამართლო პროცესების შემდეგ," - განაცხადა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, მამა გიორგიმ მოთმინება უნდა გამოიჩინოს და საკითხის გარკვევას დაელოდოს.

"ზიარება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიისგან მიიღოს. ეს არის ქრისტესთან შეერთება, მისი სისხლი და ხორცი უნდა მიიღო. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალი აქვს წაყენებული, მან, მინიმუმ, უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საგულისხმოა, რომ 21 ივნისს დიდი ხნის თხოვნის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვდნენ. ამ შეხვედრიდან გამოსულმა დეკანოზის ძმამ განაცხადა, რომ პატრიარქმა მისი ძმა დადებითად დაახასიათა და სრული მხარდაჭერაც გამოუცხადა. ამავე შეხვედრაზე, რომელსაც მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერ გოგოტიშვილი და დავით ჭინჭარაული ესწრებოდნენ, სასულიერო პირებმა აღუთქვეს, რომ პატრიარქის კურთხევა არსებობს და ხვალ-ზეგ მამა გიორგისაც აზიარებენო.

თუმცა გუშინ გასაჯაროვდა ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერი, სადაც ილია ||-ის მხარდაჭერა არ ჩანს და ოჯახის თხოვნაზე, რომ მამა გიორგის პატრიარქი თავდებად დაუდგეს და ასევე მოხდეს ბრალდებულის ზიარება, პატრიარქი არაფერს პასუხობს.

თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, დეკანოზი აზიარონ თუ არა, ამას მისი ეპისკოპოსი წყვეტს. ხოლო რადგანაც მამა გიორგი ბოლო დროს თბილისში მსახურობდა და არა ბათუმში, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსი არის პატრიარქი და ზიარების საკითხი პატრიარქის გადასაწყვეტია. რადგან ითქვა, რომ არ აზიარებენ, ე.ი. საპატრიარქოში დეკანოზის უდანაშაულობა ბოლომდე არ სჯერათ.

"ჩვეულებრივი ქრისტიანობა და კაცთმოყვარეობა გულისხმობს, მივიდნენ და დეკანოზი აზიარონ, თუმცა ჩვენ გვითხრეს, რომ სასულიერო პირები მოინახულებენ მას, მაგრამ არ აზიარებენ. ეს ნიშნავს, რომ მის უცოდველობაში დარწმუნებულები არ არიან.

"თუ პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ სანამ გაირკვევა, დეკანოზი არის თუ არა ამ ცოდვაში, მანამ არ აზიაროს, მაშინ ვერავინ აზიარებს. პატრიარქზე მაღლა არავინ არის. მიქაელ ბოტკოველი თუ ამბობს, რომ ჯერჯერობით არ უნდა ვაზიაროთ, ეს ნიშნავს, რომ სანამ ეკლესია არ დარწმუნდება დეკანოზის უცოდველობაში, მანამდე თავს იკავებენ მისი ზიარებისგან.

"ეს შეიძლება თქვას ქორეპისკოპოსმა, მაგრამ პატრიარქისგან მოდის. ქორეპისკოპოსი არის პატრიარქის თანაშემწე და თუ მან დაადო ეპიტემია, ე.ი პატრიარქმა გადასცა ბრძანება და უფლებამოსილება. თუ არ აზიარებენ, ეს იმას ნიშნავს, დარწმუნებულები არ არიან, რომ დეკანოზი არ არის დიდ ცოდვაში.

"თუ გაირკვევა, რომ ის მართლა აპირებდა ვინმეს მოკვლას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზიარებაზე არ დაუშვებენ და ალბათ მღვდლობასაც შეუჩერებენ. შემდეგ შეიძლება ეკლესიამ ცოდვა შეუნდოს. თუ აღმოჩნდება, რომ უდანაშაულოა, აზიარებენ," - ამბობს აბაშიძე.

ვლადიმერ ნარსიას განცხადებით, "მამალაძის შეხვედრაზე პატრიარქს არ უთქვამს, რომ ზიარება არ მოხდებოდა. თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფრის შეთანხება პატრიარქთან მოხდა".

"თუ გავითვალისწინებთ იმ 2-დღიან პაუზას შეხვედრიდან დღემდე, დაყოვნება მიუთითებს იმაზე, რომ ეს პოზიცია მუშავდებოდა და შიდა ჯგუფის სურვილით გადაწყდა, დეკანოზი მამალაძე საპატრიარქოს მხრიდან მხარდაჭერილი არ ყოფილიყო არც ერთი, თუნდაც სავალდებულო, წესის შესრულებაზეც კი.

"სასულიერო პირი ვალდებულია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი მეორე სასულიერო პირისგან აღსარება ჩაიბაროს, აზიაროს და ანუგეშოს. როგორც ჩანს, ამ ჯგუფმა პატრიარქი დაითანხმა, რომ ზიარება არ უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ტენდენციური მიდგომა ვლინდება მამა გიორგის მიმართ და ერთი ჯგუფი არაკეთილსინდისიერად იქცევა," - ამბობს ნარსია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×