გვანცა ღვედაშვილი
24.06.2017

 "პოლიტიკური კრიზისი დაიწყო იმ დღიდან, როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა შეიკრიბა; იმავე საღამოს, როცა დასრულდა მაჟორიტართა არჩევნების მეორე ტური და ახალი პარლამენტის რამდენიმე ლიდერმა დაუფარავი სიხარულით გვამცნო, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეცვლილიყო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი იმაზე მსჯელობისას, დგას თუ არა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელ კრიზისზე საუბარი გუშინ მმართველმა გუნდმა დაიწყო. "ოცნების" წარმომადგენლები კრიზისის გამოწვევის მცდელობაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ადანაშაულებენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, პრეზიდენტის ქმედებები მიმართულია ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისა და პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტს უნდა ეკისრებოდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ხშირად გაუგებარია, თუ რა იგულისხმება უმრავლესობის დეპუტატების მიერ საუბრისას გამოყენებულ ტერმინებში.

"განცხადებებით კრიზისი არ იქმნება. პოლიტიკური კრიზისი დღევანდელ სიტუაციაში იმას ნიშნავს, რომ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არის უთანხმოება. თუ პარლამენტი არ ეთანხმება აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, ხდება უნდობლობის გამოცხადება, ან პირიქით. სხვაგვარად პოლიტიკური კრიზისი როგორ უნდა შეიქმნას, არ ვიცი. არ მესმის ხოლმე, რას გულისხმობენ ამა თუ იმ ტერმინში", - აცხადებს ძაბირაძე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ნაადრევია, თუმცა პოლიტიკური სიტუაცია ნამდვილად დაძაბულია.

"თუ, ზოგადად, ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიტიკური სიტუაცია იძაბება, კი, ბატონო, ამაში დავეთანხმებოდი, მაგრამ სიტუაციის დაძაბვა კრიზისს არ ნიშნავს.

"პრეზიდენტის განცხადებები გამოხატავს მის პოზიციას და კონსტიტუციის შეფასებისას მას რაიმე სიახლე არ უთქვამს. თავიდანვე განაცხადა, რომ არ ემხრობოდა და მიუღებელი იყო მისთვის ეს პროცესი და ამიტომ არ ჩაერია, შემდგომ საჯარო განხილვაში რამდენჯერმე მონაწილეობდა და დღეს ახალი რა თქვა, არ ვიცი.

"თუ ლაპარაკია იმაზე, რომ "ქართული ოცნება" მარტო დარჩა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მხარდაჭერისა და ლოიალობის გარეშე, ეს გასაგებია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს კრიზისია", - ამბობს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ თუ საუბარია, ზოგადად, კრიზისულ სიტუაციაზე, რომელშიც არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოებაც მონაწილეობს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქეთ მივდივართ, მაგრამ ჯერჯერობით ეს კრიზისი არ არის.

"მოგვწონს თუ არა, საზოგადოებაში მიდის დიფერენცირების პროცესი, ნაწილი ემიჯნება ხელისუფლებას, ნაწილი ლოიალობას იჩენს. ეს პროცესი დაიწყო და ამას ხელს ორივე მხარის განცხადებები უწყობს.

"გათიშულობაა პრეზიდენტს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის, რაც ჩნდება მათი განცხდებებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კრიზისზე ვილაპარაკოთ, თუმცა გზა აქეთ ნამდვილად მიდის", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

სიტუაციას უფრო მძიმედ აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და აცხადებს, რომ კრიზისი იმ დღიდან დაიწყო, როცა მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტურის შედეგები გახდა ცნობილი.

"კრიზისი დაიწყო იმ დღიდან, როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა შეიკრიბა; იმავე საღამოს, როცა დასრულდა მაჟორიტართა არჩევნების მეორე ტური და ახალი პარლამენტის რამდენიმე ლიდერმა დაუფარავი სიხარულით გვამცნო, რომ შეიცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი.

"როგორც ჩანს, ეს იყო მთავარი დავალება ჩვენი ქვეყნის კადრთუხუცესისგან და ამ დოგმას ვერ ერევიან, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო უმრავლესობა სრულიად ღიად და დაუფარავად არის პრივატიზებული ერთი ადამიანის მიერ. ასეთ შემთხვევაში იმაზე საუბარი, რომ თურმე პრეზიდენტია ასეთი კრიზისის ინიციატორი მახსენებს გამონათქვამს - ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგები განსხვავებულად ხედავენ კრიზისიდან გამოსვლის გზებსაც. ვახტან ძაბირაძის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გზა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

"რაც შეეხება, ზოგადად, კრიზისიდან გამოსვლის გზებს, ამის ყველაზე კარგი ვარიანტი არის რიგგარეშე არჩევნები. საპარლამენტო მმართველობაც ამიტომ არის კარგი. არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სახელისუფლებო კრიზისის დროს ხდება ასე, სამოქალაქო კრიზისის დროსაც ყველაზე კარგი ვარიანტი სწორედ რიგგარეშე არჩევნებია.

"ამიტომ, თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ აუცილებელი გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ეს ალბათ ყველაზე კარგი გზა იქნება კრიზისიდან გამოსასვლელად. თუმცა ამის აუცილებლობას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ თუკი პარლამენტი ვერ წარუძღვება დემოკრატიული განვითარების პროცესს, მაშინ ამას ქუჩაში გამოსული მოსახლეობა გააკეთებს.

"რაიმე სახის დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა თანდათან ხელიდან ეცლება ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას. თუ არ გვექნება აქტიური მხარდაჭერა დასავლეთის დემოკრატიული სივრციდან, გვსურს თუ არა, მაშინ განვითარების პროცესს წინ არა პარლამენტი, არამედ ქუჩა წარუძღვება", - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×