(რეზონანსი) „ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო კახი კალაძის კანდიდატურის წამოყენება.მიჭირს ივანიშვილის ჩანაფიქრების ბოლომდე წვდომა, მას აქვს პრეტენზია,რომ დიდი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რაღაცების ჩახლართვა შეუძლია" , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
პოლიტოლოგის თქმით, ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის დასახელებით, რაღაც გეგმას ხლართავს. გია ნოდიას განცხადებით, შესაძლოა ექსპრემიერს კალაძის ამბიციურობის გამოვლენა, გუნდში დაპირისპირებები და შემდეგ გამოჩენა სურს.
„კალაძეს მისცა საშუალება გამოავლინოს ამბიცია და შესაძლოა შემდეგ გამოიყენოს გუნდის შიდა დაპირისპირებები.ესეც რაღაც თამაშია, ბიძინა ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს რაღაც,რაც არ გვესმის. ეს ჩემთვის გარკვეული საიდუმლოა" , - განაცხადა გია ნოდიამ.
„განსხვავებული აქცენტების" ეთერში საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არჩევით თანამდებობებზე მარტივად სამართავ, არადამოუკიდებელ კანდიდატებს არჩევდა, კალაძის შემთხვევა კი განსხვავებულია.
„მარგველაშვილის შემთხვევაში შეეშალა, პრობლემებს მაინც უქმნის, ნარმანია იდეალური იყო. მას არანარი პოლიტიკური ფიზიონომია არ აქვს, პოლიტიკური ფიგურა არ არის. კალაძეს მეტნაკლებად აქვს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების პოტენციალი" , - განაცხადა გია ნოდიამ.