(რეზონანსი) ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მაისურზე „ბრილიანტის მწვანე" შეასხეს. ინციდენტი ვინიცის ოლქში მოხდა, სადაც სააკაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავდა.
მომხდარზე კომენტარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „facebook"-ზე გააკეთა. სააკაშვილმა პერანგის გაფუჭებისთვის 50 ევროს გადახდა პრეზიდენტ პოროშენკოს მოსთხოვა, რადგანაც მისი მტკიცებით, თავდამსხმელები სწორედ პოროშენკოს ბლოკის წევრებმა დაიქირავეს.
„მორიგი თავდასხმა ბრილიანტის მწვანეთი ლადიჟინში. თავდამსხმელმა აღიარა, რომ დაიქირავეს ადამიანებმა, რომლებიც როგორც ჩანს, პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლები იყვნენ. პეტრო ალექსეევიჩ, ან შეწყვიტეთ ეს საბავშვო ბაღი, ან ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში შევიძინე, როდესაც ტანზანიიდან ვბრუნდებოდი", - წერს სააკაშვილი.
ანალოგიური ინციდენტი 19 ივნისსაც მოხდა. კრივოი როგში სააკაშვილს კვერცხები და „ბრილიანტის მწვანე"-ს პაკეტები ესროლეს.
ამ მეთოდს საზოგადოებისთვის ცნობილი პირების და ოპოზიციონერების წინააღმდეგ რუსეთში ხშირად იყენებენ. 2016 წლის სექტემბერში „ბრილიანტის მწვანე" „ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს შეასხეს. სერგეი ნავალნის წინააღმდეგ კი ეს მეთოდი ორჯერ გამოიყენეს.
26 აპრილს, სტავროპოლში, „ბრილიანტის მწვანე" სახეში შეასხეს ბლოგერ ილია ვარლამოვსაც, რომელმაც რუსეთის ქალაქებში კეთილმოწყობის პრობლემების შესახებ მასალა გამოაქვეყნა.