(რეზონანსი) ვაჟა-ფშაველას გამზირზე გვიან ღამით დაჭრილი 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც ადასტურებენ. მათი თქმით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გვიან ღამით მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჩხუბით დაიწყო.
„სროლის ხმა გავიგე, 5-6 გასროლა იყო. ერთი ამ სახლის იქით რამდენიმე გასროლა იყო, იქ ბიჭები იყვნენ, ატყდა ხმაური, ეტყობა გამოეკიდა და აქ ესროლა. რომ ჩამოვედით აქ ეგდო დაჭრილი. სისხლში იყო. უგონოდ იყო" , - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
მოსახლეობა განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ყოველთვის ხალხმრავლობაა და ხშირად იქ მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებიან.
მომხდარზე საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.