(რეზონანსი) თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სტამბულში სადღესასწაულო ლოცვისას, რომელიც მუსულმანური რამადანის თვის მიწურულს სრულდება, გონება დაკარგა. ამის შესახებ „CNN Turk"-ი იუწყება.
ინციდენტი მიმარ სინანის მეჩეთში მოხდა, რომელიც სტამბულის პროვინციაში მდებარეობს. პრეზიდენტმა თავი ლოცვის დაწყებისთანავე ცუდად იგრძნო. თვითმხილველების თქმით, ერდოღანს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სისხლში შაქრის მომატებით ხსნიან.
მოგვიანებით, პრეზიდენტი გონს მოვიდა, უკეთესად გახდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: „დღეს სისხლში შაქრის მკვეთრი დისბალანსი მქონდა. ექიმებმა გონს მალევე მომიყვანეს და ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".
კვირას მუსულმანებმა რამადანის დღესასწაულის დასრულება აღნიშნეს, რომელიც 26 მაისს დაიწყო.
თურქეთის ლიდერი 63 წლისაა. მას 2012 წელს კუჭის ოპერაცია გაუკეთეს.