(რეზონანსი) გორში, რამდენიმე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არარსებული კონცერტის ბილეთები 10 ლარად გაყიდეს. 24 ივნისს, კულტურის ცენტრში მისული მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ, უკან გამოაბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ადგილობრივი მედია ავრცელებს.კულტურის ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, 24 ივნისს არავითარი კონცერტი არ იყო დაგეგმილი.
10-ლარიანი ბილეთი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შეიძინა.ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოტყუებულები დარჩნენ, რადგან ბილეთის გამყიდველები საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ და ბილეთის შეძენას სთხოვდნენ.
ბილეთები „შშმ პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგის" სახელით გაიყიდა. ეს ორგანიზაცია ქალაქ ქუთაისშია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ გამგეობის თავმჯდომარე კობა ბერეკაშვილია.
ორგანიზაცია 10 წლის წინ დაფუძნდა და დროთა განმავლობაში რამდენიმე ხელმძღვანელი შეიცვალა. დოკუმენტაციაში საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ არის.