(რეზონანსი) ინტერნეტსივრცეში ქართული „Trip Advisor"-ი, ტურისტების „გიდი"-ს ფუნქციის მობილური აპლიკაცია „Gamarjoba" გამოჩნდა. პროექტის მენეჯერი მარიკა ჭუმბურიძე „ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ აპლიკაცია უცხოელ ვიზიტორებზეა მორგებული და მათ აწვდის ისეთი ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა სახელმწიფო სერვისები, ტრანსპორტი, სასტუმროები, გადაუდებელი დახმარება, ასევე ინფორმაცია ვიზის შესახებ.
„ეს აპლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის დაფინანსებით. როცა უცხოელი ჩამოდის საქართველოში, გადაუდებელი კონტაქტების და აუცილებელი სერვისების შესახებ მიეწოდება ინფორმაცია. ძალიან ბევრი მოთხოვნა გვაქვს სასტუმროების მხრიდანაც, რომ ჩავსვათ აპლიკაციაში. არ გვინდა „booking.com"-ი ჩავანაცვლოთ" , - აცხადებს მარიკა ჭუმბურიძე.
პროექტის მენეჯერის თქმით, აპლიკაციით ტურისტი გაიგებს, კონკრეტული ქვეყნიდან არის თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელად საჭირო ვიზა, რა ვადა დარჩა საქართველოში ყოფნისთვის. ვიზიტორისთვის აპლიკაციაში ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების შესახებაც იქნება.