(რეზონანსი) ვენეციაში დიდი საკრუიზო გემების შემოსვლასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდა. ვენეციელების 99%-მა ხმა მისცა ტურისტული გემების ქალაქის პორტში შემოსვლის აკრძალვას. გამოკითხვას ოფიციალური ძალა არ აქვს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ვერ დატოვებს უყურადღებოდ ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობის აზრს. ინფორმაციას „Commersant"-ი ავრცელებს.
2016 წელს ტურიზმმა ვენეციის ბიუჯეტს 5,6 მლრდ ევროს შემოსავალი მოუტანა. თუმცა, როგორც ჩანს, ვენეციელები მზად არიან უარი თქვან შემოსავლების ნაწილზე იმისთვის, რომ ტურისტებისგან დაისვენონ.
ქალაქის მოსახლეობის აზრით, გემები, რომლებიც ვენეციის პორტის განლაგების გამო, ნავსადგურში შესასვლელად ვენეციის ცენტრთან ახლოს გადიან, ანგრევენ ქალაქს, ხოლო ათობით ათასი ტურისტი, რომელიც ამ გემებიდან სანაპიროზე ჩამოდის, ვენეციაში ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.
კენჭისყრაში მონაწილეობა 18 000-მა ადამიანმა მიიღო. ვენეციაში სულ 55 000 ადამიანი ცხოვრობს.
2012 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე აკრძალა დიდი გემების შემოსვლა ვენეციის ცენტრში, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ იმის შემდეგ შევა, რაც ასეთი ლაინერებისთვის ახალი არხი აშენდება.