(რეზონანსი) სამარშრუტო ტაქსებში სავარძლებს ამატებენ. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა და უმეტეს მათგანს დარღვევა აღმოაჩნდა.
ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის თქმით, მიკროავტობუსების უმრავლესობას სავარძლებს შორის დაშორების სტანდარტი დარღვეული ჰქონდა. ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, მიკროავტობუსებში, განსაკუთრებით ზაფხულში არის ვინტილაციის პრობლემაც.
„ბათუმში ქალაქის ხაზებზე სულ 424 მიკროავტობუსი მოძრაობს, გარკვეული დარღვევები მათ 20%-ში დაუფიქსირდა. დარღვევების 80% სავარძლებს შორის დაშორება იყო. ყველა სამარშრუტო ტაქსს ტექ. პასპორტში უწერია, თუ რამდენი სავარძელი უნდა ჰქონდეს და როცა კიდევ რამდენიმე სავარძელს ამატებენ, ეს იკავებს თავისუფალ სივრცეს და ირღვევა სავარძლებს შორის დაშორების სტანდარტი" , - ამბობს ემზარ ქავჟარაძე.
ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მიკროავტობუსში სავარძლებს შორის დაშორებები მინიმუმ 65 სანტიმეტრი უნდა იყოს.
მძღოლებს ხარვეზების გამოსწორების ვადა მიმდინარე თვის ბოლომდე აქვთ. პირველი ივლისიდან დაიწყება სამარშრუტო ტაქსების შერჩევითი შემოწმება იმის დასადგენად, გამოასწორეს თუ არა ხარვეზი. დარღვევების აღმოჩენისას მიკროავტობუსის მძღოლი ერთჯერადად 100 ლარით დაჯარიმდება .