"თუ ამ ადამიანებს იმის იმედი აქვთ, რომ კი, ბატონო, მე არაფერი შემიძლია, მაგრამ ბიძია გადამარჩენს - ასე არ
გვანცა ღვედაშვილი
26.06.2017

 "ჩვენ არ გვყავს სრულფასოვანი პრემიერ-მინისტრი, გვყავს აბსოლუტურად არასერიოზული პარლამენტის თავმჯდომარე და ამის დალაგება შეუძლია ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ამ ჰიბრიდულ, გაუგებარ ხელისუფლებაში აქვს საკმარისი ავტორიტეტი, რათა განკურნოს დაავადებული სახელისუფლებო სხეული და მას ეფექტურობა დაუბრუნოს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსვლა ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის რაგნში დაბრუნებით შეუძლია. პოლიტოლოგს ამის მოლოდინი ნაკლებად აქვს, თუმცა იმაში ნამდვილად დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ფეხების ბაკუნი და თავისი მოსაზრებების საზოგადოებისთვის ჯიუტად თავს მოხვევა არ გაუვა.

"მთელი კვირა": საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა. რამდენად მართებულია ასეთი დაჩქარებული ტემპით ქვეყნის უმაღლესი დოკუმენტის მიღება?

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, მთელი ეს პროცესი, პირველ რიგში, მათთვის არის პრობლემური. ისინი ცდილობენ, ფორმალური ლეგიტიმაცია მისცენ ამ პროცესს, მაგრამ, ამასთანავე, კარგავენ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.

ჩვენ ვიღებთ პროცესს, როდესაც სამართლებრივი ლეგიტიმაცია პოლიტიკურის უკუპროპორციულია და რამდენადაც ისტერიულად სწრაფად მიჰყავთ ეს პროცესი, იმდენად სწრაფად დაუახლოვდებიან რეალურ სახელმწიფოებრივ კრიზისს.

უგუნური ქმედებებით ისინი გარდაუვალს ხდიან სერიოზული კრიზისის ჩამოყალიბებას, რომლის გადალახვაც "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება.

"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიქმნას კრიზისული ვითარება?

გ.ხ.: ვადაზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებამ აბსოლუტური სტერილიზაცია განიცადა. მან მოახერხა და პროცესში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონსენსუსი, დაიპირისპირა არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოება და ვერც ერთი პარტნიორი ვერ ნახა ვერც ერთ სამოქალაქო ჯგუფში.

ანუ, ფაქტობრივად, განიცადა აბსოლუტური სტერილიზაცია და თვითიზოლაციაში მოექცა. შემდგომი ეტაპი კი, ისტორიული კანონზომიერებიდან გამომდინარე, არის ის, რომ საზოგადოება იტყვის თავის სიტყვას.

ამ ქვეყნის ისტორიაში არაერთი ასეთი მომენტი გვინახავს და არ ყოფილა შემთხვევა, ხელისუფლებას ფეხების ბაკუნი და თავისი მოსაზრებების ჯიუტად თავს მოხვევა გასვლოდა. ამაზე ბევრად უფრო ძლიერ ხელისუფლებებს არ გასვლიათ მსგავსი რამ და თუ ამ ადამიანებს იმის იმედი აქვთ, რომ კი, ბატონო, მე არაფერი შემიძლია, მაგრამ ბიძია გადამარჩენს - ასე არ მოხდება. ეს არის მათი პოლიტიკური ინფანტილიზმის გამოვლინება, სამყაროს ასეთ პრიზმაში ყურება.

"მ.კ.": საზოგადოების მიერ სიტყვის თქმაში რას გულისხმობთ, შესაძლოა, ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები და გამოსვლები ვიხილოთ?

დასასრული

გ.ხ.: გამოსვლები ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა არა ერთადერთი და ეს პრობლემის დავიწროებაა. "ქართული ოცნების" მთავარი შეცდომა ისაა, რომ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობის" პრიზმაში უყურებს და პრობლემას ამ პროცესთან დაკავშირებით მხოლოდ "ნაცმოძრაობასთან" ხედავს. ამ დროს, დღეს მას "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტად ქართული საზოგადოების პრობლემა აქვს, რომელსაც არ მოსწონს, როდესაც ხელისუფლება საბნის თავისკენ გადაქაჩვას იწყებს და უჩნდება ამბიცია, დაუმსახურებლად მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე მას დელეგირებული აქვს ხალხისგან.

სრულიად ცხადია, რომ მაჟორიტარული სისტემის დატოვება იმისთვის დასჭირდათ, რომ პოლიტიკურ პროცესში უპირატესობა შეიქმნან. ისინი ეძებენ მექანიზმებს, რათა უპირატესობა შეინარჩუნონ, რაც ძალიან აღიზიანებს საზოგადოებას.

"ქართულმა ოცნებამ" გადათელა თავისი დანაპირები, მთელი ეს 6-თვიანი განხილვა - 2 დღეში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და საზოგადოებას ის შესთავაზეს, რაც მათ უნდოდათ.

ყველაფერთან ერთად, ეს ძალიან ინფანტილური პროცესია. "ქართულ ოცნებაში" ჰგონიათ, რომ ისევ თინეიჯერები არიან და როგორც ბავშვს გასდის ყველაფერი ფეხების ბაკუნით ოჯახში, ამათაც გაუვათ, თუმცა ასე ვერ მოხდება.

"მ.კ.": მაშინ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება?

გ.ხ.: ჩამოყალიბდება რაღაც ტიპის კრიზისი. ამ ყველაფერს ბევრი კომპონენტი აქვს, ნაწილობრივ ეს მოხდება ქუჩაში, ნაწილობრივ - საერთაშორისო არენაზე, ისინი ამ პერიოდში კიდევ ძალიან ბევ სისულელეს გააკეთებენ.

ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ კონსტიტუციის კრიზისი, ძალიან ბევრი სხვა სისტემური პრობლემაა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ჩადების თემა და ა.შ. ეს ყველაფერი არ მოსწონს ხალხს და რა ფორმით და ზუსტად როდის იფეთქებს, ეს ტექნიკური საკითხებია.

"მ.კ.": "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციის პროექტში მორიგი სიახლე შესთავაზა საზოგადოებას. მათი თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გადაიდება 2023 წლამდე და, ამასთან, მომდევნო პრეზიდენტი 5-ის ნაცვლად, 6-წლიანი ვადით აირჩევა. რას უკავშირდება ასეთი ცვლილება და იყო თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვება იმის მცდელობა, რომ დაემშვიდებინათ გარკვეული ჯგუფები?

გ.ხ.: ორი საკითხი იყო, რაზეც უნდა შემდგარიყო კონსენსუსი, რისკენაც ვენეციის კომისია მოგვიწოდებდა. ეს იყო პრეზიდენტის არჩევის საკითხი და მეორე - არჩევნების თემა. დღეის მდგომარეობით, ორივე საკითხი არის ჩავარდნილი.

რაც შეეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადებას და ერთი წლით ვადის გახანგრძლივებას, რაც აბსოლუტური სისულელეა, ეს დასჭირდათ იმისთვის, რომ რადგან მაჟორიტარულ არჩევნებს ინარჩუნებენ, არ გამოსდით იმ "დიდი ხურალის" მოწვევა, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ამიტომ გადაავადეს პრეზიდენტის არჩევის წესი, ხელოვნურად დაჭრეს და რაღაც სასწაულები ატარეს.

კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა არის 5 წელი, თუმცა ამათ ჩაწერეს, რომ შემდგომი პრეზიდენტი 6 წლით იქნება, რაც აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომა და დამოკიდებულებაა კონსტიტუციისადმი.

მით უმეტეს, მთავარი სადავო რაც არის, რაზეც ასეთი დავაა ატეხილი, ეს ნორმები შედის 2024 წელს. გაუგებარია, თუკი 7 წლის შემდგომ პროცესზე ვსაუბრობთ, ასე ფართხაფურთხით რატომ ვიღებთ ამ ცვლილებებს? ეცადათ კიდევ ერთხელ საზოგადოებასთან საუბარი, კონსენსუსის მიღწევა. დღეს მათ ყველა ხიდი დაწვეს მაშინ, როცა თავად უნდა ეზრუნათ ამ ხიდების განვითარებასა და შენარჩუნებაზე. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" თვითიზოლაციისა და თვითლიკვიდაციის პროცესშია.

"მ.კ.": ამ მოვლენების ფონზე თვითმმართველობის არჩევნებიც ახლოვდება. თქვენი აზრით, რამდენად სტაბილური გარემო იქნება ამ დროისთვის?

გ.ხ.: მე თვითმმართველობის არჩევნებზე დიდ ცვლილებებეს ვერ ვხედავ, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მმართველობითი კრიზისიდან ჩვენ შევდივართ სახელმწიფოებრივ კრიზისში და არა მხოლოდ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ცუდი მხარე აკრიფა სახელმწიფოს მართვისას.

შესაბამისად, მმართველობითი სისტემის დასუსტება მაშინ, როცა შეცდომების რაოდენობა ძალიან ბევრია და კრიზისის გენერალიზაცია ხდება სახელმწიფოს შიგნით, აუცილებლად ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივ კრიზისს, რის შემდგომაც ვინ იქნება მთავარი აქტორი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა ამ კრიზისს ადგილობრივ არჩევნებს არ ვუკავშირებ.

ამ სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პრემიერ-მინისტრის რანგში, ანტიკრიზისული მთავრობის ჩამოყალიბება და სახელისუფლებო ვერტიკალის განკურნება. ჩვენ არ გვყავს სრულფასოვანი პრემიერ-მინისტრი, გვყავს აბსოლუტურად არასერიოზული პარლამენტის თავმჯდომარე და ამის დალაგება შეუძლია ერთადერთ ადამიანს, რომელსაც აქვს საკმარისი ავტორიტეტი ამ ჰიბრიდულ, გაუგებარ ხელისუფლებაში. მას შეუძლია, განკურნოს ეს დაავადებული სახელისუფლებო სხეული და დაუბრუნოს ეფექტურობა.

"მ.კ.": რამდენად მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნდება?

გ.ხ.: მე დღეის მდგომარეობით ვწერ წამალს და ისარგებლებენ თუ არა ამით, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელი მგონია ივანიშვილის დაბრუნება და ასეთ პროგნოზს არ ვიტყვი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×