რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში "ფინანსურ ინვესტიციას" 50%-ით ამცირებს. ქათველი ექსპერტები ამას მეზობელ ქვეყანაში შექმნილ მძიმე, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური კრიზისი მალე საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთსაც, დაეტყობა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ ერიკ პუხაევის თქმით, მოსკოვის მხრიდან ფინანსური თანადგომა 2018-2019 წლებში 3 მილიარდი რუსული რუბლი (დაახლოებით 120 მილიონი ლარი) იქნება. ეს მაშინ, როცა 2015-2017 წლებში რუსეთმა ცხინვალს 9 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 360 მილიონი ლარი) გადაურიცხა. მისივე თქმით, ბიუჯეტში არსებული თანხის თითქმის ნახევარი სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში დაიხარჯება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის თქმით, ცხინვალისთვის თანხის შემცირება რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა, რაც რუსეთს დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო შეექმნა.
"როგორც ცნობილია, რუსეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზია, რუსული რუბლი უფასურდება, რაც სამხრეთ ოსეთზეც აისახება.
"მე მგონი, ეს სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის განვითარების შეჩერებას გამოიწვევს. რაც შეეხება ხელფასებს, მუდმივად ექნებათ, შემცირება არ იგეგმება", - უთხრა "მთელ კვირას" სანაკოევმა.
მისივე თქმით, კრიზისის მიუხედავად, მოსკოვი სამხრეთ ოსეთს ფინანსური დახმარების გარეშე მაინც არ დატოვებს.
"რუსეთის ჯარი იქ დგას და ტერიტორია ოკუპირებულია. ყველამ იცის, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს ბოლომდე გააკონტროლებს. ამდენად, გამორიცხულია, თანხის შემცირების გამო ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვას და საქართველოზე ფიქრი დაიწყოს. ეს რუსეთის სტრატეგიაა. იმდენს მაინც გადაუხდის, რომ ხალხი მშიერი არ იყოს და მისი ჯარი იქ იდგეს", - განაცხადა სანაკოევმა.
სამხრეთ ოსეთში "რუსული ინვესტიციების" შემცირებას მძიმე კრიზისულ მდგომარეობას უკავშირებს კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეც. იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს აფხაზეთსაც შეეხოს.
"სამხრეთ ოსეთი პრიორიტეტად რჩება იმ დონეზე, რა დონეზეც აქამდე იყო. უბრალოდ, მოსკოვი ძალიან შეწუხებულია, სანქციების გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, თვითონ აქვთ პრობლემები და სამხრეთ ოსეთში "ინვესტიციების" ჩადებას, რისი დიდი ნაწილიც კორუფციაში იხარჯება, აღარ აპირებენ.
ასე, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა სამხრეთ ოსეთზეც იმოქმედა. მე მგონი, ეს აფხაზეთსაც შეეხება, თუმცა იქ ასე მარტივად არ გამოუვათ. აფხაზები ასეთ რაღაცებზე მწვავედ რეაგირებენ. მიაჩნიათ, რომ რუსეთი ვალდებულია, დაეხმაროს", - გვითხრა არეშიძემ.
ანალოგიურად ფიქრობს აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძეც.
"მოსკოვს აღარ აქვს ამდენი საშუალება, რომ ასეთი მუქთა მჭამელი ხალხი არჩინოს. მით უმეტს, რომ თანხის უმეტესი ნაწილი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება.
"რუსეთს ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა. ალბათ ეს აფხაზეთზეც აისახება. როგორც ცნობილია, ჩვენი მეზობელი ქვეყანა ფინანსური დახმარებით, პრაქტიკულად, ყიდულობდა ოკუპირებულ რეგიონებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ მგონია ჩვენსკენ გამოუშვას. იმდენს მაინც მისცემს, რომ მათი გაჩუმება შეძლოს", - განაცხადა კიკნაძემ.